რომან კაკულია - კობა გვენეტაძეს ვეუბნები, თქვენ მოგიწევთ შესაბამის ფორმატში დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის გუშინდელი სხდომა სამარცხვინო იყო, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.
„სამარცხვინო პროცესი იყო, როცა ჩვენ ვერ მოვახერხეთ ერთმანეთისთვის აზრის გაზიარება. ისრები არავის მიმართულებით არ გადამაქვს, მაგრამ ვფიქრობ, კობა გვენეტაძეს არ ჰქონდა ეს განზრახვა, თუმცა გარკვეულად მისი განცდებით დავშანტაჟდით. მან თქვა, რომ მზად იყო დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მის განმარტებებს მოყვებოდა. ორივეს რომ გვცოდნოდა, რაზე იყო საუბარი, შეიძლება, საკუთარ თავზე ამეღო პასუხისმგებლობა, თუმცა პასუხისმგებლობა აიღო იმაზე, რაც არ იცი, სწორი არ არის“, – განაცხადა რომან კაკულიამ და აღნიშნა, რომ შესაბამისად, სხდომის დახურვა იყო ერთადერთი გამოსავალი.
მისივე შეფასებით, უმჯობესი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომიტეტის სხდომაზე საერთოდ არ მისულიყო, რადგან განმარტება წინა დღეს გააკეთა.
„ჩემი აზრით, ასეთ მოსვლას ჯობდა, არ მოსულიყო.წინა დღეს ჰქონდა პოზიცია, რომ არ აპირებდა მოსვლას. მე სცენარი ავაგე ამაზე, 15 წუთით ადრე გავიგე, რომ მოდიოდა. გააკეთა განცხადება, რომ მზად არის, ყველაფერზე ისაუბროს, მაგრამ შედეგებზე თქვენ იყავით პასუხისმგებელიო. მე ვერ ავიღე პასუხისმგებლობა? ვიცი, რომ ეს არ იყო სხდომის კარგი განვითარება, მაგრამ მივიღე ეს გადაწყვეტილება. კობა გვენეტაძეს ვეუბნები, თქვენი გადაწყვეტილება, რომ აქცენტი პარლამენტზე გადაგეტანათ, არ იყო სწორი. თქვენ მოგიწევთ შესაბამის ფორმატში კითხვებზე პასუხის გაცემა პარლამენტარებისთვის, ჩვენ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ, სამარცხვინო გამოვიდა ეს სხდომა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.