რომან კაკულია - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა არის უნიკალური შანსი, ერთხელ და სამუდამოდ დავუმტკიცოთ ყველას, რომ საქართველოსთვის ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია
რომან კაკულია - ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა არის უნიკალური შანსი, ერთხელ და სამუდამოდ დავუმტკიცოთ ყველას, რომ საქართველოსთვის ევროპულ გზას ალტერნატივა არ გააჩნია

ახლა გვაქვს უნიკალური შანსი დავუმტკიცოთ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთადერთი სწორი ალტერნატივა არის ევროპული ალტერნატივა და ამის დამტკიცება შეგვიძლია კომიტეტის თავმჯდომარეობის პროცესში ყველა შესაბამისი ინსტიტუციის მაქსიმალურად მოტივირებული ჩართულობით, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებას.

რომან კაკულიას შეფასებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს საქართველოს მიერ განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტის – ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა და განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ამ მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს საქართველოს პარლამენტი.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავმჯდომარეობის განხორციელების პროცესში საქართველო მაქსიმალურად იყოს წელგამაგრებული ამ მიმართულებებით ჩვენს ქვეყანაში არსებული პოზიტიური ტენდენციებით. ამის გარეშე, ამ ფუნქციის წარმატებით შესრულება გაგვიჭირდება. ამიტომ, მთელი ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს ამ ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

რომან კაკულიამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოს კიდევ ერთ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს და ეს ევროპულ მრავალფეროვნებაში კუთვნილი, ღირსეული ადგილის დაკავებაა.

„თანასწორ საფუძველზე ეროვნული მიდგომების წარმოდგენა ევროპული საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში არის სწორედ ის ნიშა, სადაც იდენტიფიცირება შეგვიძლია მოვახდინოთ და რეალიზებული გავხადოთ ეს ფორმულა, რათა ევროპულ მრავალფეროვნებაში კუთვნილი ადგილი დავიკავოთ. ევროპას დღეს ბევრი პრობლემა აქვს და ამ პრობლემების ანარეკლი საქართველოში თითქმის ყველა სეგმენტშია გამოხატული. თუ შევძლებთ, რომ თავმჯდომარეობის განმავლობაში ამ პრობლემების მოგვარების ჩვენი ეროვნული მიდგომები წარმოვაჩინოთ, ამაზე უკეთესი საშუალება ევროპულ სივრცეში თვითდამკვიდრებისა არ არსებობს. ჩვენ უფლება არ გვაქვს, ეს შესაძლებლობა წარმატებით არ გამოვიყენოთ“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.