რომან კაკულია - ჩემთვის „კოლექტიური ნაცობა“ ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანები ამბობენ, ჩვენი უცხოელი მეგობრებიო და ამაში დებენ რუსთაველისეული მეგობრობის გაგებას
რომან კაკულია - ჩემთვის „კოლექტიური ნაცობა“ ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანები ამბობენ, ჩვენი უცხოელი მეგობრებიო და ამაში დებენ რუსთაველისეული მეგობრობის გაგებას

მსოფლიო ფინანსური ინტერესებით იმართება. რა თქმა უნდა, ფინანსური ინტერესების მმართველი არასოდეს მოვა და გეტყვის, მე შენთან იმიტომ მოვდივარ, რომ ფინანსური ინტერესები მაქვს და უნდა გმართოო, ის იდეოლოგიით მოდის, – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„რა თქმა უნდა, მას თავისი იდეალისტები სჭირდება, შენთანაც თავის იდეალისტებს პოულობს და ერთმანეთთან შეხებაში ისინი ერთმანეთს არ ატყუებენ. არსებობს ასეთი ძალიან კარგი ტერმინი – მოტივირებული ნაციონალები. მოტივირებული ნაციონალები ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ გაქვს მოტივაცია, ყველანაირად მოწოდებული ხარ, ის იდეები დაიჯერო. შენს თავს ხომ არ ეტყვი ახლა, ფულს ვაკეთებ ამითო?! ამიტომ, შენი გონება მუშაობს ასე“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან საგარეო ურთიერთოებებთან დაკავშირებით ხშირად ისმის განცხადებები – ჩვენი უცხოელი მეგობრები, რაშიც ისინი რუსთაველისეული მეგობრობის გაგებას დებენ და ეს არასერიოზულია.

„ჩემთვის „კოლექტიური ნაცობა“ ნიშნავს იმას, როდესაც ადამიანები ამბობენ – ჩვენი უცხოელი მეგობრები და ამაში დებენ რუსთაველისეული მეგობრობის გაგებას. ჩემთვის იქ უკვე მთავრდება საუბარი. თუ ის ამას იმიტომ აკეთებს, რომ გულუბრყვილოა, მაშინ პოლიტიკას არ გამოადგება, ხოლო თუ დავალებით აკეთებს, არც მაშინ გამოგვადგება. საგარეო ურთიერთობებში ეს სიტყვა – მეგობრობა – შეიძლება, იხმარო, როდესაც უკვე არის შემდგარი სტრატეგიული ურთიერთობა და ამ სიტყვით უბრალოდ გინდა, დამატებითი ხიბლი შესძინო უკვე შემდგარ ურთიერთობას, როდესაც შენი და მისი სტრატეგიული ინტერესები განხილულია, ერთმანეთთან თანხვედრილია და ეს სიტუაცია შემდგარია. რასაც ქართველები ამ სიტყვის მნიშვნელობაში ვდებთ, ამ მნიშვნელობით რომ საგარეო ურთიერთობაზე მელაპარაკები, თავი დაგვანებე, რა, ცოტა ხანი! ცოტა ხანი გაერკვიე, გაიზარდე და მერე მოდი“, – განაცხადა კაკულიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამ განაპირობა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და როგორია მისი დაბრუნების ეფექტი, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის რეალური პოლიტიკის თამაშის წესები, რომლისგანაც მსოფლიო შედგება და მისი პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია.

„რატომ მოვიდა ბიძინა ივანიშვილიო, როდესაც ვამბობთ, თუ მსოფლიო ნამდვილად რეალური პოლიტიკის თამაშის წესებისგან შედგება და დანარჩენი, ეს ღირებულებითი ნაწილი ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მხოლოდ შლეიფია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვადასხვა ბანაკს შორის დაპირისპირებაა, ამ თამაშის წესების მცოდნე, ამ თამაშის წიაღიდან წამოსული და იქიდან მოსული ადამიანი ბევრი რომელი გეგულებათ ამ ქვეყანაში?! ის ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, იმის გარანტი ნამდვილად არის, რომ იცის თამაშის წესები, რომელიც მუშაობს“, – განაცხადა კაკულიამ.

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რაც დღეს ქვეყანას აქვს, ძალიან კარგი კომბინაციაა ბიძინა ივანიშვილი თავისი გამოცდილებით, დიდი ცოდნით და ირაკლი კობახიძე თავისი მსოფლმხედველობითა და განათლებით.

ამასთან, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ რამდენიმე ოპოზიციონერის რიტორიკა დღესვე შეიცვალა.

„მე ეს თვალში მომხვდა ძალიან მკაფიოდ. გამოჩნდა ერთი-ორი ადამიანი, რომელმაც თავს უფლება მისცა, დადებითიც ეთქვა. ეს არის ჩვენი პოლიტიკის საშინელება და რაღაც ყინული თუ გალღვა, ეს კარგია. ვინც ოპოზიციაშია „ქართულ ოცნებასთან“ და უნდა, „ქართული ოცნება“ როდესმე შეიცვალოს, პირველ რიგში, უნდა მიხვდნენ, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ყველა ადამიანი უნდა გაიტანონ თამაშიდან. ამას რაც მალე გააკეთებენ, მით მალე მოხდება სხვა პროცესები. თუ ეს ძალები თვითლიკვიდაციას არ გააკეთებენ, ამას საზოგადოება გააკეთებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.