რომან კაკულია - ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია და მხარდაჭერას იმსახურებს
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს.
როგორც ჟურნალისტებს კაკულიამ განუცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მთავარი პროგნოზირებადი პარამეტრებია.
„2018 წლის ბიუჯეტი კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის, ეს არის ჩარჩოს ნაწილი, რომელშიც მიმდინარე, ასევე ინფრასტრუქტურულ ხარჯებსა და ბიუჯეტის დეფიციტს შორის ბალანსი დაცულია. სავალუტო ფონდისთვის ეს მთავარი არგუმენტი იყო, როცა მან სამწლიანი პროგრამის დამტკიცებას მხარი დაუჭირა. პროგნოზები, რომელიც მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ინფლაციის კუთხით კეთდება, მეტ-ნაკლებად მისაღებია.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედია, ამ თვალსაზრისით პოზიტივს ვხედავთ, რადგან ზრდა დაახლოებით 900 მლნ ლარამდეა. ამ ორი ძირითადი არგუმენტის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ბიუჯეტის პროექტი დაბალანსებულია, რომელიც მხარდაჭერას იმსახურებს“, – განაცხადა კაკულიამ.
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავს და დაამტკიცებს. დეპუტატებს საბიუჯეტო პარამეტრებს ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე წარუდგენს.