რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პენსიის ზრდა 2021 წელს დაიწყება და 400-ლარამდე მომატება 2023 წლისთვის მოხერხდება

პენსია 80 ლარით გაიზრდება და 300 ლარი გახდება 2021 წელს, როცა პენსიების მატების პირველი ეტაპი იქნება, ხოლო 400 ლარამდე შემდეგ, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ავა, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ პირველი არხის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018“.

„იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება, 300 ლარიდან აწევის შემდეგ, ანუ 2021 წლის შემდეგ ერთი, მაქსიმუმ, ორი წლის განმავლობაში მოხდეს, იმისდა მიხედვით, ეკონომიკური ზრდა როგორი გვექნება“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამ განცხადებით რომან გოცირიძემ პირველი არხის ანალიტიკოსის ტატო ხუნდაძის შეკითხვას უპასუხა, როდის პირდება „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს 400-ლარიანი პენსიის გაცემას.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მათი სურვილია, ხელისუფლებაში დიდი კოალიცია მოვიდეს, მაგრამ თუ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, 2020 წელს მათ 220-ლარიანი პენსია დახვდებათ, რომლის 180 ლარით მატება მოუწევთ, რათა ის 2022-2023 წლებისთვის პენსია 400 ლარი გახდეს.

„ჩვენ დიდი კოალიციით მოვდივართ და გვაქვს სურვილი, რიგგარეშე არჩევნები იყოს, მაგრამ დავუშვათ, რიგგარეშე არჩევნები არ არის. 2020 წელს ჩვენ გვხვდება ამ მთავრობის დატოვებული 220-ლარიანი პენსია. ანუ, 400 ლარამდე არის 180 ლარი“, – განაცხადა გოცირიძემ.

გადაცემის წამყვანის გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, საიდან აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ მილიარდ 200 მილიონის მობილიზებას, რათა პენსია 220 ლარიდან 400 ლარამდე გაზარდოს, რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ეს სამი მთავარი წყაროდან მოხდება.

„პირველი წყაროა შიდა ბიუჯეტში რესტრუქტურიზაცია და ბიუროკრატიის მაქსიმალურად შემცირება“, – განაცხადა გოცირიძემ.

პირველი არხის ანალიტიკოსის მათე გაბიცინაშვილის შეკითხვას, ეს ხომ ადამიანების შემცირებას ნიშნავს და რამდენი ადამიანი უნდა გაუშვან სამსახურიდან მათ, რათა მილიარდ 200 მილიონის აკუმულირება მოახდინონ, რომან გოცირიძემ პირდაპირ ვერ უპასუხა და თქვა, რომ მათ ყველაფერი გათვლილი აქვთ.

„დიახ, ეს ასეა და ეს ადამიანების შემცირებას ნიშნავს და მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ნიშნით დაწინაურებული, თუ მოყვანილი კადრები შემცირდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.