რომან გოცირიძე - ვანო მერაბიშვილი იქნება ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იქნება.
როგორც ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ განუცხადა, ვანო მერაბიშვილი სად იქნება და როგორ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი შვიდწლიანი პატიმრობიდან თავაწეული და გაუტეხელი გამოვიდა.
„მან საკუთარი პოლიტიკური მიზნების თაობაზე ძალიან ნათელი განცხადება გააკეთა. თუ ვინმეს ეგონა, რომ უკანონო პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურ პენსიაზე გავიდოდა, ძალიან ცდება. თუ სად ხედავს თავის თავს, მალე იტყვის. ვანო მერაბიშვილის განცხადების მთავარი შინაარსი იყო, რომ მონაწილეობას აპირებს ამ რეჟიმის პოლიტიკური ხერხებით შეცვლაში. რაც შეეხება დამხობას, ეს არის ხატოვანი გამონათქვამი. ივანიშვილის რეჟიმის შეცვლა არის დამხობის ტოლფასი, რადგან რეალურად, ქვეყნის ყველა კონსტიტუციური შტო უზურპირებულია ერთი ადამიანის მიერ. ზღაპარში როგორც გველეშაპი დაეპატრონება წყალს, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს დაახლოებით ასე დაეპატრონა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სანაგვეში გადაგდების ოქტომბრის თვე ხატოვნად შეიძლება შევადაროთ დამხობას. მას არ უთქვამს, რომ ხელისუფლების შეცვლას იარაღით ან ძალადობრივი გზით აპირებს. პოლიტიკას თავისი ლექსიკა აქვს. უამრავი პოლიტიკური სინონიმია – შეცვლა, გაშვება, გაპანღურება, გაძევება, ამხობა, დამხობა. ეს გამოიყენება საკუთარი აზრის წარმოსათქმელად. მას ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლა არ უთქვამს”, – განაცხადა გოცირიძემ.
რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაც განმარტა, სადაც სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იმ შეცდომებს ხედავს, რაც ვანო მერაბიშვილმა დაუშვა და რომ არა ეს გადაცდომები, ივანიშვილს ქვეყნის ხელში ჩაგდება შედარებით გაუძნელდებოდა.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში მრავლობითში იყო ნახსენები, რომ შეცდომები სისტემამ დაუშვა. ყველა აღიარებს, რომ წარმატებების მიუხედავად, იმ პერიოდში, შეცდომებიც იყო. ვანო მერაბიშვილი იქნება ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკური ფიგურა. სად იქნება და როგორ, გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. გასაკვირი არაფერია, რომ შვიდწლიანი, უსამართლო პატიმრობის შემდეგ ადამიანმა დაისვენოს. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, მეტი კახა კალაძე „ქართულ ოცნებას“. რაც უფრო მეტი კალაძე ეყოლებათ, მით უფრო წარუმატებლები იქნებიან. მეტი კახა, მეტი ბიძინა, მეტი აჩიკო, მეტი დაჩი და მეტი ნუკრი. რაც უფრო მეტი იქნებიან, მით უკეთესია ჩვენთვის. ვინც კი წერა-კითხვა იცოდა, ყველა გაიქცა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დილით დატოვა.
როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება“.