რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევაში საქართველოს აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორად მოხსენიება არაფერს ნიშნავს
ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევაში იმის აღნიშვნა, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორია, არაფერს ნიშნავს.
„არაფერს ნიშნავს განცხადება, რომ საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს შეერთებული შტატებისთვის. ეს არ არის შეფასება, ეს არის ფაქტი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ევროკავშირისთვის. საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობითა და ისტორიული როლით არის მნიშვნელოვანი და სწორედ ამის გამოა საქართველოსადმი განსაკუთრებული ყურადღება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი განმარტავს, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევაში სერიოზული გაფრთხილებაა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს, ასევე იმაზე, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს და აუცილებლად დასავლური ინვესტიცეებით.
რაც შეხება კვლევის იმ ნაწილს, სადაც საქართველო ევრაზიაში დემოკრატიის მაგალითად არის მოხსენიებული, გოცირიძე ამბობს, რომ ეს არ არის საამაყო.
„ის განცხადება, რომ საქართველო თურმე დემოკრატიის კუთხით ლიდერია ევრაზიის სივრცეში, ჩვენ ვიცით, რა არის ევრაზია. ეს არის კავკასია, თურქმენეთი, შუა აზია და რუსეთი და სულაც არ არის საამაყო საქართველოს მოხსენიება ამ ეპითეტით. ჩვენ ჩამოგვალაბორანტეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ წარსულში საქართველო დემოკრატიის განვითარების კუთხით კონკურენციაში ევროპულ ქვეყნებთან, ბალტიის სახელმწიფოებთან იყო.