რომან გოცირიძესთან დაკავშირებით პარლამენტში გია ცაგარეიშვილის განცხადებას ხმაური მოჰყვა
პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატთან, რომან გოცირიძესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის სიტყვით გამოსვლას ხმაური მოჰყვა.
ცაგარეიშვილმა რომან გოცირიძეს სულმდაბალი უწოდა.
„ერთ წუთს დავუთმობ იმ შეურაცხყოფას, რომელიც რომან გოცირიძემ გუშინ მომაყენა ამ ტრიბუნიდან. რამის თქმა თუ გინდა, კოლეგას პირში უნდა უთხრა და მეც ამ შემთხვევით ვსარგებლობ, ბატონო რომან, თქვენ აქ „განისვენებთ“ თქვენს სავარძელში. თქვენგან განსხვავებით, მე ემოციური ადამიანი ვარ, არც ჩემს ემოციებს ვთაკილობ და, ვფიქრობ, ეს ემოციები ახლოს მოსატანი არ არის იმ ემოციებთან, რაც თქვენი ხელისუფლების ხელიდან სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანებმა გადაიტანეს. ეტყობა, მაშინ თქვენ სიამოვნებით იფშვნეტდით ხელებს. ხალხს ქუჩაში როცა ხოცავდნენ, არბევდნენ, იჭერდნენ, მამაკაცებს აუპატიურებდნენ, თქვენ მდუმარე მოწმე იყავით ამ საშინელებებისა და საზარელი მოვლენებისა. შემდეგ თქვენმა ბელადმა გიწოდათ „კლონი“. თქვენ ყოველთვის მისი „კლონი“ იყავით. მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდია, მაინც „კლონი“ ხართ და „კლონად“ დარჩებით მთელი ცხოვრება, მიხეილ სააკაშვილის ლანდად. მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერანაირად დაიდებთ ბინას. წარმოიდგინეთ, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდზეც არ გაქვთ შანსი, რომ როდისმე განისვენოს თქვენმა სულმა, ბობოქარმა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვერიდები არცერთ მომენტს, ნაბიჯს ჩემ მიერ გადადგმულს, ბუნებრივია, ეს მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებს, თქვენ კი, ძვირფასო კოლეგავ, კარგად წარმოგაჩენთ, როგორი სულმდაბალი ადამიანი ყოფილხართ. ასევე, როგორი ცრუ, ყალბი ყოფილხართ, სწორედ ისე, იმ ზომით და იმ ხარისხით, როგორიც თავის დროზე კუპონები ბეჭდეთ, შეასაღეთ უბედურ ქართველ ხალხს, დაღუპეთ, გააცამტვერეთ, გააჩანაგეთ. თქვენ მაგ რეფორმითაც ამაყობთ, ახლაც ისევე იღიმით, როგორც აქ იღიმოდნენ თქვენი მეგობრები, ძმაკაცები და დაქალები 2012 წელს, როცა ამ ტრიბუნიდან გამოვდიოდი, მაშინაც იღიმოდნენ აქ ქალბატონი კალმახელიძე, ბატონი ახალაია და სხვები. თქვენ ხომ იქიდან შორს არ ხართ წასული. ეს არის თქვენი პატარა კაცობაც, თქვენი ე.წ. კოლეგიალობაც და საქართველოს ისტორიაში დარჩებით იმად, რაც ხართ, რასაც წარმოადგენთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ გია ცაგარეიშვილს ტრიბუნასთან კონკრეტულ კანონპროექტზე უნდა ესაუბრა. მისივე თქმით, ცაგარეიშვილმა პროცედურა დაარღვია და პარლამენტის თავმჯდომარეს რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ვიხილეთ წარმოუდგენელი მასშტაბის პროცედურული დარღვევა, რაზეც რეაგირება არ ჰქონია პარლამენტის თავმჯდომარეს. მომხსენებელმა მთელი მოხსენება გამოიყენა იმისათვის, რომ პერსონალური შეურაცხყოფები მიეყენებინა კოლეგისათვის. ბატონო შალვა, თქვენ პროცედურულ დარღვევაზე არ ახდენთ რეაგირებას. ადამიანი ტრიბუნასთან გამოდის კონკრეტულ კანონპროექტზე სალაპარაკოდ და ყველაფერზე ილაპარაკა, გარდა კანონპროექტისა, გადავიდა პირად შეურაცხყოფებზე, სამი წუთი ლანძღავდა საკუთარ კოლეგას. მგონი, ამაზე შენიშვნას იმსახურებს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაიას მიმართვის შემდეგ პარლამენტში შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „შენიშვნა ბატონ გიორგის, ბატონ რომანს ექნება საშუალება, შემდეგ გამოვიდეს“.