რომან გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ ერთწლიანი საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ ერთწლიანი საპარლამენტო საქმიანობა შეაჯამა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენცოაზე გოცირიძემ განაცხადა, ამ პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფის წევრები იყენებენ როგორც საკანონმდებლო, ისე მაკონტროლებელ უფლებამოსილებებს.
მისი განმარტებით, პოლიტიკური ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა 25 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთაგან სამი იყო რეზოლუციის პროექტი და ორი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ეხებოდა.
„კანონპროექტები შეეხებოდა სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებას, კერძოდ: საგადასახადო საკითხებს, რუსული გავლენების შემცირებას, სკოლების დამოუკიდებლობის გაზრდასა და დეპოლიტიზებას, ეროვნული ბანკის სტაბილურობას, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების ბიუჯეტის ფორმირების წესში ცვლილებებს, ზოგიერთი სისხლისსამართლებრივი დანაშაულებისთვის სანქციების შემსუბუქებას, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასა და სხვა. სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების მისამართით 238 სადეპუტატო კითხვა მოვამზადეთ. აქედან, ხატია დეკანოიძეს ეკუთვნოდა 157, მე – 91. ინტერპელაცია ჩვენი ინიციატივით ხუთჯერ მოხდა. შეკითხვები ორჯერ გაეგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, ორჯერ – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს და ერთხელ – საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული შეკითხვები ერთ შემთხვევაში შეეხებოდა 2023 წლის 7-8 მარტის აქციებისას დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ღონისძიებებს, მეორე შემთხვევაში კი – ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკას. ლევან დავითაშვილთან შეკითხვების ერთი ნაწილი შეეხებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს, მეორე შემთხვევაში კი – დაბა ბახმაროში დაგეგმილ მშენებლობებს. საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის საგანი არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის ხელშეწყობას შეეხებოდა“, – განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატის ცნობით, მისი ჯგუფის ინიციატივით, კომიტეტის სხდომაზე სამი თანამდებობის პირი იქნა დაბარებული.
„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე მოუსმინეს. განსახილველი საკითხი შეეხებოდა რიკოთის გზის მშენებლობის საკითხს. ამავე კომიტეტზე ჩვენი ინიციატივით დაბარებული იქნა ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ვლადიმერ პუტინთან ერთად ჩინეთში გამართულ ფორუმზე მისი დასწრების შესახებ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივით დაბარებულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, დასმული საკითხი შეეხებოდა რუსული კანონის პროტესტის ფონზე მოქალაქეების მიმართ განხორციელებულ მუქარის შემცველ ზარებს. ვადის გასვლის მიუხედავად, კომიტეტის სხდომას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი არ დაესწრო. პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე 222-ჯერ გამოვიდნენ სიტყვით. მათგან ხატია დეკანოიძემ 139-ჯერ ისარგებლა გამოსვლის უფლებით, მე – 83-ჯერ“, – აღნიშნა გოცირიძემ.
გარდა ამისა, გოცირიძე აცხადებს, რომ მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში მოამზადა ოთხი კვლევა.
„კერძოდ: „რეგიონებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ“; „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ დაწესებულებეში“; „მიგრაცია საქართველოში: ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე“ ; „ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტების გაჭიანურება“. კვლევებში გამოვლენილ მიგნებებზე რეაგირების მიზნით პოლიტიკური ჯგუფის წევრებმა გამოიყენეს სხვადასხვა საპარლამენტო ინსტრუმენტი როგორც საკანონმდებლო, ისე საკონტროლო მიმართულებით. შეკითხვები დაუსვეს მთავრობის წარმომადგენლებს, მოამზადეს სადეპუტატო წერილობითი კითხვები, დაარეგისტრირეს კანონპროექტები, რეზოლუციის პროექტები, მოახდინეს თემების აქტუალიზება მედიის მეშვეობით“, – განაცხადა გოცირიძემ.