რომან გოცირიძე - ყველაფრისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, უმჯობესია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობა არ მივიღოთ, საერთოდ არ შევალთ, თუ რეგისტრაციას არ გავივლით, ამაზე ვიმსჯელებთ
რომან გოცირიძე - ყველაფრისგან დაზღვეული რომ ვიყოთ, უმჯობესია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობა არ მივიღოთ, საერთოდ არ შევალთ, თუ რეგისტრაციას არ გავივლით, ამაზე ვიმსჯელებთ

პრეზიდენტის მოწოდებაში საუბარია, რომ მაქსიმალურად დაზღვეული იყოს რისკები, რათა არავის წაუცდეს ხელი და არ დააჭიროს იმპიჩმენტის ღილაკს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 100 ხმას ვერ შეაგროვებს და შესაბამისად, იმპიჩმენტი ვერ შედგება.

„ისეთი ცუდი წარმოდგენა არ მაქვს, რაც საზოგადოებაში არის ხოლმე. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ 100 ხმას ვერ მოაგროვებს და იმპიჩმენტს ვერ განახორციელებს. ყოველთვის არსებობს გამონაკლისები და სიურპრიზები, მაგრამ 12 ხმის მოგროვება შეუძლებელია. ეს არის მოწოდება რისკების თავიდან აცილებისთვის და თუ ეს ამისთვის არის, შევუერთდები. ეს თუ არის მოწოდება სანახაობისთვის, ბუნებრივია, ეს არაფერს ნიშნავს. თუმცა, არ მგონია, მთავარი მიზანი იყოს, რომ ის წარმოჩინდეს მარტო პრორუსი დეპუტატების წინაშე. რისკები დაზღვეული უნდა იყოს. ბოლომდე რომ დაზღვეული ვიყოთ ყველაფრისგან, უმჯობესია, ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღოთ. საერთოდ არ შევალთ, თუ რეგისტრაციას არ გავივლით, ამაზე ვიმსჯელებთ. ვინმე თუ იტყვის, რომ მისი თავის სჯერა, ეს მისი ნებაა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება ზოგიერთებისთვის კენჭისყრაში მონაწილეობისთვის საბაბი გახდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა პარლამენტში ხვალ, 18 ოქტომბერს გაიმართება. საკითხის განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ჰქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, სადაც დაადასტურეს, რომ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი ამოიწურა მას შემდეგ, რაც გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.