რომან გოცირიძე - ყველა ხედავს, რომ არჩევნები ტარდება ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე
რომან გოცირიძე - ყველა ხედავს, რომ არჩევნები ტარდება ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე

ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, წინასაარჩევნო გარემო თავისუფალი და დემოკრატიული არ არის.

როგორც საქართველოს პირველ არხს გოცირიძემ განუცხადა, წინასაარჩევნო გარემო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ ძალიან დააზიანა და ყველა ხედავს, რომ არჩევნები ტარდება ტერორის, მოსყიდვის, მუქარის, ზეწოლისა და მოსმენების ფონზე.

„დედამიწის ზურგზე არავინ აღარ არსებობს, ვინც ხელისუფლებამ არ გადაიმტერა. ამერიკა, ევროკავშირი, არასამთავრობოები და ოპოზიცია ხელისუფლების თვალთვალისა და მუქარის ქვეშ აღმოჩნდა. ჩანაწერების გავრცელებამ ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებას დიდი ზიანი მიაყენა. ის, რაც იცის ყველამ, იცის რუსეთის აგენტურამ და სპეცსამსახურებმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელიც „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ თვითმმართველობის არჩევნების ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 31 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიშშია საუბარი, წინასაარჩევნო კამპანიის დინამიკა მნიშვნელოვნად შეარყია ქვეყანაში 13 სექტემბერს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებამ.