რომან გოცირიძე - ყოველთვის ვამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით
ყოველთვის ვამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, მაგრამ რა მოთხოვნებს და როდის დავაყენებთ, ეს უკვე არის შემდგომი ნაბიჯების საკითხი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიიჩნევს, თუ არა, რომ აქციის მოთხოვნებს უნდა დაემატოს, როგორც სანდრა რულოვსმა და მიხეილ სააკაშვილმა განაცხადეს, ვადამდელი არჩევნების და მთავრობის გადადგომის მოთხოვნა.
გოცირიძის თქმით, დღევანდელი აქციის მოთხოვნა არის შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, თუმცა დამატებითი მოთხოვნები ლოგიკურია.
„დღევანდელი აქცია არის ჩვენი თავდაპირველი მოთხოვნების მიყვანა ბოლომდე, ეს ნიშნავს დღეს გახარიას გადადგომას. რაც შეეხება დამატებით მოთხოვნებს, ასე ვთქვათ, ლოგიკურია და ყოველთვის ვამბობდით, რომ რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, მაგრამ რა მოთხოვნებს და როდის დავაყენებთ, ეს უკვე არის შემდგომი ნაბიჯების საკითხი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, მისი თქმით, შეუძლებელია, გიორგი გახარიამ გააგრძელოს მუშაობა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირზე სისხლი დაიღვარა და მას აუცილებლად მოუწევს გადადგომა.
„დღეს მთავარი მოთხოვნა არის, დაკმაყოფილდეს მესამე მოთხოვნა, რომელიც წაყენებულია მთელი ხალხის მიერ და ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის დაუყოვნებლივი გადადგომა. შეუძლებელია, რომ მას შემდეგ, რაც ამ მოედანზე სისხლი დაიღვარა, მან განაგრძოს მუშაობა. ის, რომ მინისტრები გამოდიან და ივანიშვილის მითითებით რაღაც ერთსულოვან მხარდაჭერას უწევენ, არაფერს ნიშნავს. როგორც დაკმაყოფილდა პირველი მეორე მოთხოვნა, ისევე დაკმაყოფილდება ეს. გარდაუვალია, შინაგან საქმეთა მინისტრი არ გადადგეს. არ ეგონა, ხელისუფლებას, რომ კობახიძეს მეორე დღესვე მოუწევდა წასვლა, ეგონათ, 2024 წლამდე არ ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით არჩევნები და მოუწია ხალხის ნებაზე დაყოლა. ესეც მოუწევს, აქსიომაა. უბრალოდ, რაც უფრო ადრე მოუწევს, არის უკეთესი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
აქციაზე დღეს იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.