რომან გოცირიძე - თურქეთი აბსოლუტურად სწორად აცნობიერებს, რომ საქართველო ნატო-სთან ერთად გაცილებით ძლიერი და დაცული იქნება
თურქეთი აბსოლუტურად სწორად აცნობიერებს, რომ საქართველო ნატო-სთან ერთად გაცილებით უფრო ძლიერი და დაცული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორის, ლუკ კოფის წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ „ნატო-მ უნდა გაითვალისწინოს თურქეთის რჩევა და საქართველოს წევრობა მიანიჭოს“.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ლუკ კოფის წერილი წარმოადგენს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე კომენტარს.
„ძალიან კარგი და სერიოზული განცხადებაა. ეს არის პირველ რიგში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხარდაჭერისა და საკმაოდ ხმამაღალი განცხადების კომენტარი. ამ შემთხვევაში მთავარი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრინციპული პოზიცია – თუ გინდა, რეგიონში იყოს სიმშვიდე, ამ რეგიონში უნდა იყოს უფრო მძლავრად წარმოდგენილი ნატო, როგორც მსოფლიოში მშვიდობის გარანტი. თურქეთი აბსოლუტურად სწორად აცნობიერებს, რომ საქართველო ნატო-სთან ერთად გაცილებით უფრო ძლიერი და დაცული იქნება რეგიონში.
მისასალმებელია ეს განცხადება და ამას მრავალი ქვეყნის ლიდერი აღიქვამს ისე, როგორც ამ კომენტარში იყო მოცემული“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.