რომან გოცირიძე - თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირაში განიხილება
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კომისიის შექმნას პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს.
„თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენმა ფრაქციამ მოითხოვა. ის დღის წესრიგში ჩასმული იყო, მაგრამ სულ ბოლო, 92-ე საკითხად. ჩვენ დავსვით საკითხი და ბიუროზე გადაწყდა, რომ განხილვა ამ კვირის განმავლობაში და რაც შეიძლება, სწრაფად იქნება“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისი შეფასებით, ხელისუფლება აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას ფაქტობრივად არ აწარმოებს.
„ამ მკვლელობის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ხელისუფლება ფაქტობრივად გამოძიებას არ აწარმოებს, ვინაიდან ხელისუფლება ეფექტიანი გამოძიებით დაინტერესებული არ არის. ერთადერთი ბერკეტი და გამოსავალი დაგვრჩენია, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქნას და კომისიის ფარგლებში მაინც მოხერხდეს ამ საზარელი მკვლელობის ფაქტის გამოძიება“, – განაცხადა დეპუტატმა.
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტს მოუწოდებს, დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.