რომან გოცირიძე - გაქანებული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ტევა არ არის
რომან გოცირიძე - გაქანებული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, გლდანში, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ტევა არ არის

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, დროის დაკარგვა არ შეიძლება და ოპოზიციამ დედაქალაქში რვა მაჟორიტარული ოლქთან დაკავშირებით კონსულტაციები მალე უნდა დაასრულოს.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დედაქალაქში  მაჟორიტარი დეპუტატობის მხოლოდ ორი კანდიდატი დააყენა. მისი თქმით, ჯერ თბილისის ოლქების დაკომპლექტება დასრულებული არ არის და კონსულტაციები გრძელდება.

„რაც შეეხება რეგიონებს, კანდიდატებს თითქმის ყველგან ვაყენებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან ვაყენებთ, კონსულტაციები მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული, ამა თუ იმ ოლქში იყოს განსხვავებული მიდგომა. ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შეგვიძლია, რადგან ჯერ უნდა დასრულდეს თბილისის საარჩევნო ოლქების დაკომპლექტება“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ამასთან, მისი თქმით, ზუგდიდსა და ქუთაისში „ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი კანდიდატი ეყოლება.

„არ მგონია, სხვა ოპოზიციურ პარტიას სურვილი ჰქონდეს, ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დააყენოს. როგორც ჩანს, რაღაც გაურკვევლობას აქვს ადგილი. სადაც საერთო გამარჯვებისთვის შესაძლებელი იქნება ოპოზიციური კანდიდატისთვის მხარდაჭერა, ასე მოვიქცევით. რეგიონებში მაჟორიტარების თაობაზე პროცესი დაწყებული არ არის, რადგან თბილისში ველოდებით კანდიდატების საბოლოო დაკომპლექტებას. გაქანებული საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, გლდანში შვიდი ოფისი გავხსენით. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბში ტევა არ არის. ლევან კობიაშვილის წინა მხარდამჭერებიც კი მოდიან. გლდანი არის ცოცხალ საარჩევნო პროცესში. შეგიძლიათ, ნახოთ, რა ხდება ნიკა მელიასთან. ეს ნიშნავს, რომ როცა გყავს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ეს ამავე დროს მუშაობს პროპორციულ სიასა და საარჩევნო კამპანიაზე. გვინდა, თბილისში დროზე დასრულდეს ყველა ოლქის დაკომპლექტება და საარჩევნო კამპანიაში შევიდეთ. დროის დაკარგვა არ შეიძლება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.