რომან გოცირიძე - სხვა რამ თუ იგულისხმა არახამიამ, არ ვიცი, მაგრამ რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები არ აქვს შეძენილი, ამ სახის აქტივები არ არის
რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები არ აქვს შეძენილი. ამ სახის აქტივები არ არის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებაზე, სადაც ის ამბობს: „მთელ მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის. კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა“.
„გააჩნია, რა იგულისხმა დავით არახამიამ. საუბარი თუ არის რუსეთის ცენტრალური ბანკისა და მთავრობის აქტივებზე, რომელიც განთავსებული იყო დასავლეთის ფასიან ქაღალდებში, დასავლეთის ცენტრალურ ბანკებში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდეგ, მსგავსი აქტივები საქართველოში არ არის. რუსეთს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან მთავრობაში ფასიანი ქაღალდები შეძენილი არ აქვს. ამ სახის აქტივები არ არის და თუ სხვა რამ იგულისხმა, არ ვიცი. 300 მილიარდი დოლარის აქტივი, რომელიც გაიყინა, ეს იყო ცენტრალური ბანკების და ფასიან ქაღალდებში განთავსებული აქტივები, რაც კანადაში, ამერიკასა და ევროპაში გაიყინა. მსგავსი აქტივები ფასიან ქაღალდებში და ჩვენს საბანკო სისტემაში რუსეთის სახელმწიფოს არ აქვს. ეს სანქცირებულ ოლიგარქებს თუ ეხებათ და ანგარიშები საქართველოში აქვთ, კარგი იქნება, თუ გაიყინება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.