რომან გოცირიძე - სჯობს, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით, ფინანსებს ნუ ახსენებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წელიწადში 2.1 მილიონი ლარის დაფინანსება აქვს, 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე
ნუ აპელირებენ ბიუჯეტით, ბიუჯეტი ჩემზე უკეთ არავინ იცის. სჯობს, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით, ფინანსებს ნუ ახსენებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ წელიწადში 2.1 მილიონი ლარი დაფინანსება აქვს, 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძე დეკანოიძე-გოცირიძის მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხზე ყოფილი თანაგუნდელის, ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„ნუ აპელირებენ ბიუჯეტით, ბიუჯეტი ჩემზე უკეთესად არავინ იცის. მე, უბრალოდ, არ მინდა, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს აბსოლუტურ უმრავლესობასთან, მეგობრები არიან. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს წელიწადში 2.1 მილიონი ლარი დაფინანსება, „ნაციონალური მოძრაობის“ 30 კაცს ჰყავს 30 თანაშემწე, ეს არის ნახევარი მილიონი ლარი და აპარატში არის კიდევ ერთი ნახევარი მილიონი ლარის დახმარება, პარტიას ოთხი მანქანა ჰყავს. ამ 2.1 მილიონს თითქმის 1 მილიონი ლარი ემატება და იმით არგუმენტირებენ, რომ პარლამენტი დაზიანდება, რომ ჯგუფს ექნება (დაფინანსება). ჯობია, გაჩერდნენ და, განსაკუთრებით, ფინანსებს ნუ ახსენებენ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ცნობისთვის, ანა წითლიძემ ამავე ეთერში დეკანოიძე-გოცირიძის მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არავის არაფერს აბრალებს, თუმცა ეს ფაქტი თუ შედგა, პოლიტიკური კორუფცია იქნება. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს. ანა წითლიძემ განმარტა, რომ კანონმდებლობით, საარჩევნო ბლოკით გასულ წევრებს, თუ ისინი დატოვებდნენ ფრაქციას, არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პოლიტიკური ჯგუფი შეექმნათ იგივე დაფინანსებით, რაც აქვს ფრაქციას.
„ეს ახალისებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს. ეს ცვლილება რომ მივიღოთ, პრობითად, ფრაქციებს ექნებათ შესაძლებლობა, 2-2 კაციანი ჯგუფები შექმნან, პარლამენტში იქნება სრული ბარდაგი, „ქართულ ოცნებას“ თუ აქვს გათვლილი რისკი, რამდენი დაუჯდება ეს ბიუჯეტს,“, – განაცხადა ანა წითლიძემ.