სიის პირველ ნომერზე ასეთი თავდასხმით და მის მიერ გაფუჭებული საქმეების მხილებით, „ქართული ოცნება“ აღიარებს, რომ მისი მმართველობა უსუსურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განაცხადა.
დეპუტატის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ გახარიას ჩავარდნილ საქმეებზე საუბრით საკუთარი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინა.
„როცა საკუთარ პრემიერზე და სიის პირველ ნომერზე ასეთი თავდასხმა და მის მიერ გაფუჭებული, ჩავარდნილი საქმეების მხილება ხდება, ეს არის თვითლუსტრაცია, აღიარებენ, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მმართველობა არის უსუსური, რომელსაც არ შეუძლია არაფრის დაგეგმვა, არც სპეცოპერაციის და არც ეკონომიკის განვითარება. თურმე, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი ყოფილა აბსოლუტურად არაეფექტიანი და ქმედუუნარო, ცუდი ყოფილა. პრემიერი და სიის პირველი ნომერი თუ ცუდია, „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები კარგები როგორ გამოდიან? ვერ ხვდებიან, რომ ის ტოტი მოჭრეს, რომელზეც სხედან. თავიანთი უსუსურობის ლუსტრაცია მოახდინეს გახარიას ჩაფლავებული საქმეებით.
ამას მეორე მხარეც აქვს. ვინაიდან, გახარიამ ცოტა ურჩობა გაბედა და გამოვიდა ივანიშვილის მიზიდულობის არეალიდან, დროებით თუ სამუდამოდ, ამას დრო გვაჩვენებს, მასზე თავდასხმები წავიდა. „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იშლება, სხდომათა დარბაზში დიდი უმრავლესობა იმ ადგილას გადმოდის, სადაც ჩვენ ვსხედვართ. ახლა პირველი დესანტი გადმოჯდა, ახლა უკვე ადგილი აღარ არის და „ქართული ოცნების“ რიგებში აიჭრებიან, გაჩნდება სხვადასხვა კუნძულები, რაც შიდა დაპირისპირების შედეგი იქნება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისს მომიტინგეების დაშლის ოპერაცია გაუგებრად იყო დაგეგმილი, რამაც ქვეყანა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა. მისივე თქმით, კითხვის ნიშნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რატომ იდგა სპეცრაზმი გარეთ, როდესაც პარლამენტის ჭიშკრის შიგნით უნდა მდგარიყო, ასევე რატომ არ იყო გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი სპეცსაშუალებები.