რომან გოცირიძე - შეუძლებელია, გერმანიის ელჩი იყოს მართალი და საქართველოში მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუოდეს
სოფო კილაძე გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით, მას არასოდეს არ დაუჭერია იმ ადამიანების მხარე, რომელთა უფლებები იზღუდებოდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
რომან გოცირიძე გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, სადაც ელჩმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სოფო კილაძისადმი ბრალდების გამო შეშფოთება გამოთქვა.
„შეუძლებელია, რომ გერმანიის ელჩი იყოს მართალი და საქართველოში მომუშავე 52 არასამთავრობო ორგანიზაცია ტყუოდეს, მათ შორის ის ორგანიზაციები, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. სოფო კილაძე გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით, მას არასოდეს არ დაუჭერია იმ ადამიანების მხარე, რომელთა უფლებები იზღუდებოდა და ყოველთვის წარმოადგენდა ხელისუფლებას და მთავრობას. სოფო კილაძე შეუმწყნარებელი და უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული განცხადებებით გამოირჩევა. თუ რას წარმოადგენს სოფო კილაძის მსოფლმხედველობა, გერმანიის ელჩს დიდი ისტორიის შესწავლა არ დასჭირდება. ვურჩევ, ნახოს, გუშინდელი სხდომა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის, სადაც სახალხო დამცველის წლიური ანგარიში განიხილეს. ელჩი სოფო კილაძის რეალურ სახეს იქ დაინახავს, მხოლოდ ერთი დღის ჩანაწერის ნახვა და კარგი თარჯიმანია საჭირო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.