რომან გოცირიძე - შეთანხმების სრულყოფილად შესრულებაზე ელჩების მოწოდება ნიშნავს, რომ შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა, ფაქტობრივად, გვარის დასახელების გარეშე ითხოვენ გიორგი რურუას გათავისუფლებას
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების ერთობლივ განცხადებაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ 8 მარტის შეთანხმება არ არის შესრულებული.
„არ შეასრულა „ქართულმა ოცნებამ“, რადგან ტექსტში პირდაპირ წერია, რომ მხარეებს მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავ გრძელდება პოლიტიკური დევნა და გათავისუფლებული არ არის ყველა პოლიტიკური პატიმარი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის თქმით, რაც შეეხება იმას, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, აღნიშნული ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი არ ენდობიან ბიძინა ივანიშვილს და არსებობს რისკები.
„ეს იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს გვაძლევს, რომ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ერთ ადამიანზე, ხმები აქვთ, უნდათ, გაიტანენ, არ უნდათ, ჩააგდებენ. 27 წარმომადგენელი შევა ოპოზიციიდან, 28-ს მოძებნიან „ქართულ ოცნებაში“ და ისეთი გადაწყვეტილება იქნება, როგორიც უნდა ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
ელჩების მოწოდება იმის თაობაზე, რომ სრულყოფილად იყოს შესრულებული შეთანხმება, ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმება „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა, პოლიტპატიმარი გვყავს და ფაქტობრივად, გვარის დასახელების გარეშე ითხოვენ გიორგი რურუას გათავისუფლებას. გაათავისუფლონ და კენჭისყრაში მონაწილეობას მივიღებთ“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩები 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისა და 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისკენ მოუწოდებენ.