რომან გოცირიძე - საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, მაგრამ გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მიიღეს ხუთ ქვეყანაზე გადაწყვეტილება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, საზღვრების გახსნა აუცილებელი იყო, თუმცა გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით მიიღო მთავრობამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრის უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება.
„მაგალითად, საზღვარს ვუხსნით საფრანგეთს, სადაც იყო საშინელი პანდემია და ფაქტობრივად, ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსთვის, სადაც ვირუსი არ იყო გავრცელებული. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხის თაობაზე და რატომ არის ძალიან სერიოზული რისკის წინაშე დაყენებული ქვეყანა, როცა ერთადერთ კრიტერიუმად საზღვარზე ტემპერატურის გაზომვა ითვლება“, – განაცხადა გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ საზღვარი უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით უნდა გაიხსნას.
„ამის აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს ე.წ. კოვიდ-პასპორტი, ანუ, ცნობა იმ ქვეყნიდან, საიდანაც ტურისტი შემოდის. ადგილზე ტემპერატურის გაზომვა, ეს დამატებითი შემოწმება უნდა იყოს. ერთი მხრივ, გადაწყვეტილებას მივესალმებით, მეორე მხრივ, გაუგებარია და გადაწყვეტილება სერიოზულ რისკებს შეიცავს. იმედია, მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რითაც დაცული იქნება უსაფრთხოება“, – აღნიშნა გოცირიძემ.
საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს გაუხსნის.