რომან გოცირიძე - საქართველოში არასდროს შეცვლილა ხელისუფლება ბლოკების გარეშე
საქართველოში არასდროს შეცვლილა ხელისუფლება ბლოკების გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო დიდი ბლოკი, ასევე დიდი ბლოკი იყო „ქართული ოცნებაც“.
„ნაციონალური მოძრაობა“ იყო დიდი ბლოკი, რომელმაც დაამარცხა „მოქალაქეთა კავშირი“, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა ძალიან დიდმა პოლიტიკურმა ბლოკმა, რომელსაც ერქვა „ქართული ოცნება“, რომელიც შემდეგ ისე დაიშალა, რომ იმ ბლოკის ნამსხვრევებიც კი არ არის დღეს“, – განაცხადა გოცირიძემ.
დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლებას პარტიების დაქუცმაცება სურს და ეს პოლიტიკური ძალების გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლაა.
„ხელისუფლებას უნდა, რომ ამ საარჩევნო წესით დააქუცმაცოს პარტიები, ყველა გავიდეს ცალ-ცალკე და შემდეგ ყველა ცალ-ცალკე დააშინოს ან ევაჭროს და ა.შ. ასე რომ, ბლოკების აკრძალვა პირდაპირ ნიშნავს „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ძალების გაერთიანების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც არის ძალიან ცუდი. რა ურჩევნია უმრავლესობას კონსოლიდირებული, დიდი, ძლიერი ბლოკი, რომელიც პარლამენტში გაიყვანს 50 პროცენტზე მეტს, თუ პატარ-პატარა პარტიები, რომელსაც ჰყავს პარლამენტში თითო წარმომადგენელი“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, დიდი ბლოკი ნიშნავს სტაბილურობასა და გაერთიანებული ძალებით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას.
„პარტიებში იწვევს ილუზიებს, რომ 0.67 პროცენტიანი ბარიერი არის მარტივი გადასალახი. ძალიან ბევრი სთავაზობს, რომ აგერ ვარ და მიყიდეთ. როგორც წესი, საქართველოში იყიდებიან პატარ-პატარა პარტიები, ამიტომ დიდი ბლოკი ყოველთვის ნიშნავს სტაბილურობასა და გაერთიანებული ძალებით ხელისუფლების შეცვლის შანსს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.