რომან გოცირიძე საპარლამენტო უმცირესობის სტატუსთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციებს არ გამორიცხავს
რომან გოცირიძე საპარლამენტო უმცირესობის სტატუსთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოსთან“ კონსულტაციებს არ გამორიცხავს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ მიერ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის დაკარგვის შემთხვევაში კონსულტაციების გამართვა იქნება საჭირო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ევროპული საქართველო“ იმ შემთხვევაში დაკარგავს უმცირესობის სტატუსს, თუ საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი დატოვებს.

პირველი არხის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასა” და „ევროპულ საქართველოს“ შორის ამ თემაზე კონსულტაციები, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ არ ჰქონიათ, თუმცა კონსულტაცია აუცილებელია.

„უმრავლესობა დამატებით სამმა დეპუტატმა უნდა დატოვოს, რის შემდეგაც უმცირესობა დაიშლება. როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს კონსულტაციების შემდეგ გამოჩნდება. ამაზე არ გვიფიქრია და საუბარი არ ყოფილა არავისთან. ეს დამოკიდებულია ორივე მხარეზე. ამას მხოლოდ ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, მეორე მხარის სურვილიც უნდა იყოს. ამაზე საუბარი არც პარტიაში და არც ფრაქციაში არ ყოფილა.

უმცირესობას თავისი პლუსები აქვს. 45 წუთი აქვს პარლამენტის ტრიბუნა, ასევე აქვს სხვა საორგანიზაციო აქტორები, რაც ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობაში აძლიერებს. საუბარი გვექნება და გათვალისწინებული იქნება პოლიტიკური კონტექსტიც. უმცირესობა პარლამენტში სერიოზული ბერკეტების ფლობას ნიშნავს, როგორც საპარლამენტო დონეზე, ასევე საერთაშორისო სტრუქტურებსა და დროის თვალსაზრისით“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამ დროისთვის „ევროპული საქართველო“ პარლამენტში წარმოდგენილია 20 დეპუტატით და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აქვს; გასულ კვირას საპარლამენტო უმრავლესობა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა დატოვეს და ამ დროისთვის მმართველ გუნდში 111 კანონმდებელია, თუმცა არსებული ინფორმაციით, უმრავლესობიდან წასვლას აპირებენ „სოციალ-დემოკრატების“ წევრები გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და რუსლან პოღოსიანი.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირები უმრავლესობას დატოვებენ, „ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგოს. მიზეზი დეპუტატთა რაოდენობაა. კერძოდ, უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ ამ დროისთვის არის ექვს წევრიანი „ნაციონალური მოძრაობა“, ხუთ წევრიანი „პატრიოტთა ალიანსი“ და სამი დამოუკიდებელი დეპუტატი – ნატო ჩხეიძის, მამუკა ჩიქოვანისა და დავით ჭიჭინაძის სახით.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ 20-ზე მეტი დეპუტატი იქნება, ეს „ევროპული საქართველოსთვის“ უმცირესობის სტატუსის დაკარგის საფუძველი გახდება.

საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტში საკითხების განხილვისას ეთმობა მეტი დრო, ჰყავს აპარატი, მოქმედებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თანამდებობაც.