რომან გოცირიძე - სამოქმედო გეგმაში არ ჩანს, როგორ მოხდება სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება, ამ მხრივ რეკომენდაციების შესრულება, „ქართული ოცნება“ მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს
მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმაში არ ჩანს, როგორ მოხდება სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირება და ამ მხრივ არსებული რეკომენდაციების შესრულება. ფურცელ-ნახევრიანი ნაგლეჯიდან ევროკავშირის რეკომედაციების მაღალი სტანდარტით შესრულება ვერ დავინახე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
გოცირიძის თქმით, ცხრა რეკომენდაცია შესასრულებლად ელემენტარულია, თუმცა „ქართული ოცნება“ მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს.
„12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციების შესრულება არცერთ ნორმალურ სახელმწიფოს არ უნდა გაძნელებოდა. ამ რეკომენდაციებით პარტნიორები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გვიბიძგებენ და ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ესეც კი არ შეასრულა. აღმოჩნდა, რომ რეკომენდაციები ნაწილობრივადაც არ იყო შესრულებული. შესასრულებლად ელემენტარულია ცხრა რეკომედაციაც. მაგალითად, დეოლიგარქიზაციის სტანდარტი ისე დაბლა დაწიეს, რომ იურიდიული პირების მიერ პარტიების აკრძალვამდე დაიყვანეს. „ქართული ოცნება“ მხოლოდ წვრილმანებს შეასრულებს, მაგრამ ისეთ საკითხებს, რაც ამ პარტიის ძალაუფლებას შეარყევას, არ შეასრულებს. „ქართულ ოცნებას“ რეკომედაციების შესრულების ძალიან დაბალი სტანდარტი აქვს, დოკუმენტი ელემენტარული რაღაცების შესრულებამდეა დაყვანილი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
საქართველოს მთავრობამ გუშინ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი გამოაქვეყნა.