რომან გოცირიძე - საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25-მეტრიანი რადიუსი კრიმინალებისა და კოორდინატორების ბირჟაა, რომლებიც ამომრჩევლებს აშინებენ
რომან გოცირიძე - საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25-მეტრიანი რადიუსი კრიმინალებისა და კოორდინატორების ბირჟაა, რომლებიც ამომრჩევლებს აშინებენ

საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25-მეტრიანი რადიუსი ერთი მხრივ, კრიმინალებისა და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟაა, რომლებიც ამომრჩევლებს აშინებენ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გამოეხმაურა.

„საუბარია, რომ არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობიდან 25 მეტრის რადიუსში ხელი არ უნდა შეახოო ამომრჩეველს, მაგრამ მათ თვალებითა და ფსიქოლოგიურად რომ აშინებენ? საარჩევნო უბნებზე ე.წ. 25-მეტრიანი რადიუსი ერთი მხრივ, კრიმინალებისა და მეორე მხრივ, კოორდინატორების ბირჟაა, რომლებიც ამომრჩეველს აშინებენ.

სახლებში რომ უვარდებიან, ეზოებში რომ ატერორებენ და შემდეგ რუსეთიდან „კანონიერი ქურდებისგან“ რომ იღებენ დავალებებს? რატომ არ არის აღკვეთილი ძალადობა საარჩევნო პროცესში, მათ შორის არჩევნების დღეს უბანში? რადიუსის გაზრდაც არ უნდათ, რადგან ეს არის მათი ბერკეტი, მოსყიდვა, ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბნის პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება, ასევე იკრძალება 25-მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხება.

„აქ გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება ნებისმიერი სახით. მაგალითად, თუ ამომრჩეველს შეაფერხებთ თუნდაც იმისთვის, რომ ჰკითხოთ, ვის აძლევს ხმას, ეს იქნება უკვე დარღვევა“, – განმარტა გუშინ ირაკლი კობახიძემ.