რომან გოცირიძე - საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, მეტწილი პასუხისმგებლობა გამარჯვებულ მხარეს ეკისრება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ლევან ხაბეიშვილს თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
როგორც რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, პროცესი უდროო დროს იყო წამოწყებული, რითიც პარტია დაზიანდა. გოცირიძის განცხადებით, კრიზისის დაძლევისა და ჯანსაღი ვითარების აღდგენის კუთხით პასუხისმგებლობა მეტწილად გამარჯვებულ მხარეს ეკისრება.
„ამ უდროო დროს გრიპი შემეყარა და ტელეეთერიდან ვერ ვახერხებ ჩემი პოზიციის გამოხატვას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ესაა უარის თქმის მიზეზი და არა ის, რომ სათქმელს გავურბივარ. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო გამარჯვებულ მხარეს და პირადად ლევან ხაბეიშვილს. ასევე, მინდა, აღვნიშნო დამარცხებული მხარის და პირადად ნიკა მელიას ღირსეული რეაგირება მარცხზე.
როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული. ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, გვაქვს სასწორის პინაზე დასადები ათი გირი. პლუს ნიშანზე დავდებდი ორს, მინუს ნიშანზე რვას. რა არის ეს ორი დადებითი მოვლენა, რომელიც აქტივში შეიძლება ჩაიწეროს? თავად მრავალათასიანი არჩევნების ჩატარების ფაქტი და გამოყენებული ტექნოლოგიები, რომელიც უპრეცედენტოა ქართულ პოლიტიკაში, ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარდაუვალობა, რომელსაც წინ უძღოდა მედიაშტურმი, სოციალური ქსელებით აქტივობა და იძულების შიდა თუ გარეპარტიული ბერკეტების გამოყენება, ინტრიგები, სადაც პირადი ინტერესებიც იყო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი მოტივატორი. რა არის ამაში კარგიო, იკითხავთ ალბათ. კარგი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების ხერხებიც დასავლური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის სუფთად არ ხდება და არც ჩვენთან განვითარებული მოვლენები იყო ამისგან თავისუფალი.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი წამოწყებული იყო უდროო დროს და პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, მომხდარი ფაქტი მაინც შეიძლება შეფასდეს ხარვეზიანად, მაგრამ მაინც შიდაპარტიული დემოკრატიის გამოვლინებად, რაც უცხოა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ერთმმართველობის პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა და არც მომხდარა მსგავსი რამ საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. უარყოფით მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ ღრმა განხეთქილება პარტიის „ლიდერშიფში“, აქტივსა და მხარდამჭერებს შორის.
საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, სურვილის ქონა და დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ არის შესაძლებელი.
იქნება თუ არა ეს პიროსის გამარჯვება, თუ მოხერხდება კრიზისის დაძლევა, რეპუტაციული ზიანის ჩამორეცხვა და საპარლამენტო არჩევნებამდე ჯანსაღი ვითარების აღდგება, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ამ საქმეში მეტწილი პასუხისმგებლობა გამარჯვებულ მხარეს ეკისრება“, – წერს რომან გოცირიძე.