რომან გოცირიძე - საარჩევნო ბარიერი არის შემოგდებული თემა და უნიჭო მცდელობა, რომ ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილება შევიდეს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო ბარიერის თემის წინ წამოწევა არის ფანდი, რომელიც მიმართულია ერთი მხრივ, ოპოზიციური ერთობის შესუსტებისკენ და მეორე მხრივ, დროის გასაყვანად.
ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ბარიერზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია, თუ ოპოზიციას არ ეცოდინება, საპარლამენტო არჩევნები რა სისტემით ტარდება, რამდენი იქნება პროპორციული მანდატი, რამდენი მაჟორიტარული და საარჩევნო სისტემა მიახლოებული იქნება თუ არა პროპორციულ საარჩევნო მექანიზმთან.
„თუ ეს არ გვეცოდინება, საარჩევნო ბარიერი არის შემოგდებული თემა და უნიჭო მცდელობა, რომ ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილება შევიდეს. მათი ჭკუით პატარა პარტიები უბარიერო სისტემას მოინდომებენ, დიდი პარტიები ბარიერს მოითხოვენ, ოპოზიციაში განხეთქილებას ვერ მოესწრებიან“, – განაცხადა გოცირიძემ.
მამუკა მდინარაძემ დღეს აღნიშნა, რომ ოპოზიციას საარჩევნო ბარიერი რამდენი პროცენტი უნდა, თავად გადაწყვიტოს, 34 პარტია შეთანხმდეს, თქვან და ის ჩაიწერება პროექტში.