რომან გოცირიძე - ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება განსაზღვრავს ბევრ რამეს საქართველოს მომავლისთვის და ხელისუფლებასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორი კვირის წინ ნათლად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება არ უნდა გაბედოს და ფაქტობრივად, მომავალი არჩევნები გადაწყვეტდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ბედს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, სტივენ ბიგანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკას მხოლოდ კონგრესმენებს, ევროპარლამენტს მიაწერდა და ამბობდა, თავისი აზრი ამერიკის მთავრობამ გვითხრასო.
„მაიკ პომპეოს გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარიც ჰქონდა. დღეს მისი მოადგილე კვლავ იგივეს იმეორებს და ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება განსაზღვრავს ბევრ რამეს საქართველოს მომავლისთვის და ხელისუფლებასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. ყველა ერთსა და იმავეს ამბობს – ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფალი, არაძალადობრივი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, იციან რა, რომ საქართველოში ხდება – არჩევნების მანიპულირება, ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ანუ, ქვეყანაში არ არის თავისუფალი არჩევნები და ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ არ გაბედოს ის, რაც აქამდე ჩაუდენია“, – განაცხადა გოცირიძემ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ საქართველოს შესახებ ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ლიდერია.
„ჩვენი ერთგულება დემოკრატიისადმი დგას ყველაზე მაღლა, საქართველო რეგიონში ლიდერია ბევრი მიმართულებით და ველოდებით თბილისში ჩვენი პარტნიორებისგან, რომ გააგრძელებენ დემოკრატიული იდეალების განვითარებას და გააძლიერებენ მმართველი ინსტიტუტების მუშაობას. ამ წლის ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკული ეტაპი ამ მიმართულებით, ჩვენ გვჯერა, რომ საკმარისი პოლიტიკური ნებით, ქართველი ხალხი გადადგამს აუცილებელ ნაბიჯებს, რომ უზრუნველყონ დემოკრატიის სიძლიერე“, – განაცხადა ბიგანმა.