რომან გოცირიძე - „ქართულმა ოცნებამ“ თავის დასაზღვევად ახალი ლეგენდა გამოიგონა, სტატუსს თუ არ მოგვცემენ, უკრაინის ბრალი იქნებაო, პირიქით, უკრაინა იქნება საქართველოს წინ გამქაჩავი
„ქართულმა ოცნებამ“ თავის დასაზღვევად ახალი ლეგენდა გამოიგონა, სტატუსს თუ არ მოგვცემენ, უკრაინის ბრალი იქნებაო. პირიქით, უკრაინა იქნება საქართველოს წინ გამქაჩავი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სირცხვილის ნატამალიც კი არ აქვს, როცა ამბობს, რომ 12 რეკომენდაციიდან თითქმის ყველა შესრულდა.
„ევროპის გასაგონად ამბობენ, რომ ყველაფერი შესრულებულია, როცა ბრიუსელში რამდენიმე კვირის წინ საპირისპიროს აცხადებდნენ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყვიტონ. ამას საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ და მათ ხელისუფლების მიმართ რა ნდობა უნდა ჰქონდეთ? სტატუსს თუ არ მოგვცემენ, ეს იქნება ხელისუფლების დანაშაული, რომელსაც იოტისოდენა დათმობაც არ უნდა, რაც მათ ძალაუფლებას შეასუსტებს. სტატუსს თუ მივიღებთ, ეს დამოკიდებული იქნება მხოლოდ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე და იმაზე, რომ საქართველო „ასოცირებულ ტრიოს“ არ ჩამოსცილდეს, რითაც კიდევ მეტად არ დავშორდეთ ევროპას.
უნდათ, ზღაპრები მოიგონონ და თავს იზღვევენ. დღემდე ოპოზიციას აბრალებდნენ, ახლა ახალი ლეგენდა გამოიგონეს – თურმე სტატუსს თუ არ მოგვცემენ, უკრაინის ბრალი იქნება. პირიქით, უკრაინა საქართველოს მხარს უჭერს და მომავალშიც დაუჭერს. უკრაინა იქნება საქართველოს წინ გამქაჩავი. ეს განცხადებები მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ 12 რეკომენდაციიდან არაფერი შეუსრულებიათ. სტატუსს თუ მოგვცემენ, ეს იქნება ქვეყნისთვის ავანსად მიცემული, რისკების გათვალისწინებით, რათა რუსეთს ხელ-ფეხი არ გაეხსნას საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დასაბრუნებლად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.