რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების” პარტიულ სიაში პოლიტიკოსები არ არიან
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების” პარტიულ სიაში პოლიტიკოსები არ არიან.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, „ქართული ოცნების” სია ისეთივეა, როგორიც წინა შემთხვევაში იყო.
„ერთი ფლანგი მომღერლები, სპორსტმენები არიან, წინა ფლანგი ინგლისურის მცოდნეები, უკანა ფლანგი ფულის საშოვნელად მოსული ბიზნესმენები და საშუალოსანი – ნომეკლატურა. ამ სიას ერთი საფრთხე მაინც აქვს. ამ მოწვევის პარლამენტში ინგლისურის ყველა მცოდნე გაეცალათ და უმრავლესობა ჩამოეშალათ. ამიტომ, ერთი-ორი კინკილა უცხოური დიპლომის მქონე ადამიანებით რომ ამაყობენ, შეიძლება, საფრთხე ესეც აღმოჩნდეს, მაგრამ უმრავლესობა არ ექნებათ. ამ სიით, სადაც არ არიან პოლიტიკოსები და არიან ის ადამიანები, რომლებიც შეჰყურებენ შუშის სასახლეს და ბიძინა ივანიშვილის სურვილების შემსრულებლები არიან, პოლიტიკოსებად ვერასოდეს გადაიქცევიან”, – განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე – რატომ აკრიტიკებს „ქართული ოცნების” სიას მაშინ, როცა თავად „ნაციონალური მოძრაობის” სია სწორედ მომღერლით იწყება და მასში არიან სპორსტსმენები და ბიზნესმენებიც, გოცირიძე პასუხობს, რომ „მასშტაბები სხვადასხვაა”.