რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისტორიაში შევა, როგორც დაკარგული შანსებისა და დაკარგული დროის ხელისუფლება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ისტორიაში შევა, როგორც დაკარგული შანსებისა და დაკარგული დროის ხელისუფლება.
ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძემ ყურადღება 1-ელ ოქტომბერს, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლაზე გაამახვილა.
დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობის შვიდი წელი არის ქვეყნის უკუსვლის წელი, წარსულში დაბრუნების პერიოდი.
„ეს იყო დაკარგული დრო და ხელიდან გაშვებული შანსები. თუნდაც, დღევანდელი პენსია გაცილებით ნაკლებია თავისი მსყიდველუნარიანობით და თუნდაც, მყარ ვალუტაში გამოხატული მაჩვენებლებით, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ. სფერო არ არსებობს, სადაც შეიძლება, ხელისუფლებამ დაიკვეხნოს, რომ წარმატებას მიაღწია. თუ რაიმე სიკეთეს ვხედავთ, წინა ხელისუფლების დროს არის მისი საფუძველი ჩაყრილი. ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მიერ რევოლუციური რეფორმებით მიღებული სიკეეთები ვერ გააგრძელა“, – დასძინა გოცირიძემ.