რომან გოცირიძე - „ქართული ოცნების“ ინიციატივას თუ კონკრეტული შინაარსი არ მიეცა, მაშინ იქნება მორიგი ფუჭი ჩანაწერი
მხოლოდ ჩანაწერი არსებითად ვერ შეცვლის სურათს, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.
„ამას მოვითხოვდით ჩვენც, ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებში მსგავსი მოთხოვნები იყო. როგორც ჩანს, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს გაეთვალისწინებინათ, მაგრამ მხოლოდ ამ ფორმის ჩანაწერი არსებითად ვერ მოახდენს გავლენას. მაგალითად, თუკი კაბინაში ვინმე გადაიღებს სურათს და დაფიქსირდება, იტყვის, რომ ეს არ იყო ზეწოლა, ეს საკუთარი ნებით და ისტორიისთვის შემოინახა. ბუნებრივია, არავინ გადაიღებს ზეწოლის ან რაღაც, ასე ვთქვათ, გასამრჯელოს მიღების გარეშე და ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული სწორედ ის ნორმები, რომლებიც უნდა იყოს ასახული შემდეგ ადმინისტრაციულ კოდექსში ჯარიმის სახით, ან თუნდაც სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდეს უფრო უხეშ დარღვევებზე. დაკონკრეტება არის საჭირო, მათ შორის, თუნდაც 25-მეტრიანი დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით, როდესაც მოკრიმინალო ელემენტები და აქტივისტები დგანან და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინიციატივას კონკრეტიკა აკლია.
„მხოლოდ ეს ჩანაწერი არსებითად არაფერს ცვლის. ბევრი რამ უნდა იყოს დაკონკრეტებული. მაგალითად, ზეწოლა არის თუნდაც საარჩევნო უბანთან კრიმინალების, ან კოორდინატორების დგომა, ან მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეების მშობლებს აღრიცხავენ და ა.შ. იგივე 25-მეტრიანი დისტანციის დაცვის მოთხოვნა, რომელიც არ გაითვალისწინეს, უნდა დაბრუნდეს. იგივე გადაღების აკრძალვა არის მხოლოდ ჩანაწერის სახით, მაგრამ არ ისჯება. დასჯადი უნდა იყოს, ძალადობად უნდა იქნას განხილული და ა.შ. დაკონკრეტება არის საჭირო, მხოლოდ ჩანაწერი არსებითად ვერ შეცვლის სურათს. საკუთარი ნებით არაფერს აკეთებენ, ან უნდა იყოს ზეწოლა, ან უნდა იყოს რაღაც სხვა ფორმის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეთ. ამას ითხოვდა ეუთო/ოდირი. როგორც ჩანს, უკვე მოიფიქრეს ეს და უნდათ, გამოასწორონ მცირეოდენი შეცდომა, მაგრამ თუ კონკრეტული შინაარსი არ მიეცა, მაშინ იქნება მორიგი ფუჭი ჩანაწერი“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ქართული ოცნება“
ინიციატივით გამოვიდა, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.