რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, ერთი ოლქი მოიპაროს და თბილისი რვის ნაცვლად, შვიდ ოლქად გაყოს
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გადანაწილების საკითხზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
რომან გოცირიძე თბილისის შვიდ ოლქად დაყოფას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ მმართველი პარტია ოლქების საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.
„სამუშაო გასაგრძელებელია, მათ შორის ოლქებთან დაკავშირებით. უკვე არის ოლქების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა. ღვინის ქურდები გაგვიგია, ხმის ქურდებიც გვინახავს, მაგრამ აი, ოლქის ქურდებიც თუ გამოჩნდებოდნენ, არ გვეგონა. უნდათ, რომ თბილისში მოიპარონ ერთი ოლქი და დიდი თბილისი გაყონ შვიდ ოლქად, ნაცვლად რვა ოლქისა. ეს ჯერჯერობით მათი შიდა მოსაზრებაა. საბოლოო ჯამში, პარტიები შევთანხმდებით და ოლქებიც განაწილდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად“ ,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ მაჟორიტარული ოლქების გადანაწილების საკითხზე გუშინ განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ თბილისში სავარაუდოდ, შვიდი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ჩამოყალიბდება.