რომან გოცირიძე - პროპორციული სისტემა იქნება თუ არსებული, „ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის
პროპორციული სისტემა იქნება თუ არსებული, „ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობიან ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რათა ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება განიმუხტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ოპოზიციის პროტესტი გრძელდება ყველგან, როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში.
„ახლა პარლამენტში შემოვედი, რათა მოვინახულო ეს დარბაზი, რომელიც არის კურდღლების თავშესაფარი. 14:00 საათზე იწყება სხდომა, მოვიდნენ დილის ცხრაზე, შეიყუჟნენ და აკეთებენ უმრავლესობის სხდომის იმიტაციას. ეს უმრავლესობის სხდომა კი არ არის, ეს არის პარლამენტში შემოპარვის ეშმაკური ხერხი, რომ სირცხვილის კორიდორში არ გაევლოთ. სირცხვილის კორიდორი მაგათთვის არის ყოველდღიური, ოჯახშიც გადიან ამას, მეგობრებშიც, სანათესაოშიც, ქუჩაშიც რომ დადიან, ესეც სირცხვილის კორიდორია. სირცხვილის კორიდორი არის მათი სიმბოლური შეურაცხყოფა, ვინაიდან მოატყუეს ხალხი. დღეს ამ ჩაკეტილ დარბაზში მათი ყოფნა ნიშნავს, რომ გარეთ არ გამოესვლებათ. როდემდე იქნებიან ჩაკეტილები, ყოველდღე ვივლით აქ, ყოველდღე იქნება ზეწოლა, როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ზეწოლა. ვერ გაუძლებენ ამას, იძულებული იქნებიან, შეასრულონ ხალხის მოთხოვნა, შეასრულონ დანაპირები, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ არჩევნებზე მივა ჩამონგრეული. ნებისმიერ შემთხვევაში, პროპორციული სისტემა იქნება თუ არსებული, „ქართული ოცნება“ განწირულია დამარცხებისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობიან ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რათა ქვეყანაში უმძიმესი ეკონომიკური ვითარება განიმუხტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ქვეყანას მიაქანებს იზოლაციისკენ. ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა კონგრესში, ევროპის სახალხო პარტიაში, ბლუმბერგის სტატია, სადაც საქართველო მოხსენიებულია ავტორიტარულ სახელმწიფოდ და მისი ფაქტობრივი მმართველი მოხსენიებულია ჩრდილოვან მმართველად, ყველაფერი ეს ქვეყანას უკარგავს საერთაშორისო, მათ შორის, ეკონომიკური მიზიდულობას. ეს მძიმედ აისახება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ შეასრულოს დანაპირები და არჩევნებამდე მივიდეთ მშვიდად და კონკურენტულ გარემოში. არ უნდა ხელისუფლებას? მიიღებს უარესს და არჩევნებში სერიოზულ კრახს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.