რომან გოცირიძე - პრეზიდენტმაც აიღო პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და რაღაც მაინც გააკეთოს კარგი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას.
მისივე თქმით, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა.
„ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხს აგებს ხელისუფლება, მთავრობა, მაგრამ ვიცით, ამ შემთხვევაში მთავრობა ვინ არის – ბიძინა ივანიშვილი და დაინახავს, რა პასუხისმგებლობა დაეკისრება სამომავლოდ, თუ არ შეწყვიტა პროცესი, რომელსაც ახლა მართავს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის, ფაქტობრივად, სიკვდილამდე მიყვანა. სხვათა შორის, საფრანგეთის მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ მისი მოქალაქე არაკანონიერად მართავს საქართველოს, მიტაცებული აქვს ძალაუფლება საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს. მოქალაქეობა როგორ მიიღო, ეს კიდევ სხვა საკითხია და კარგი იქნება, ამის შესწავლასაც თუ დაიწყებენ. როგორ კურიოზულადაც არ უნდა ჟღერდეს თავად ფაქტი, საფრანგეთიც პასუხისმგებელია და მიხეილ სააკაშვილის წერილი მაკრონის მიმართ შემთხვევითი არ იყო. ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება საქართველოში, ამიტომ საერთაშორისო რეაგირება იქნება მკაცრი და შეიძლება, სანქციებიც სანატრელი გაუხდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ამასთან, როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, ქვეყანა, სადაც პოლიტიკური დევნაა, ვერასდროს მიიღებს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების სტატუსს. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.
„ქვეყანა, სადაც პოლიტიკური დევნაა, ვერასდროს მიიღებს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების სტატუსს. ეს ორჯერ ორი ოთხია. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში არიან, ეს პროცესი ვერ დაიძრება. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტს მოუწევს. მის კაბინეტში მოხდა შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერა და ისიც არის პასუხისმგებელი ამ პროცესზე, მანაც აიღო პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა. ამიტომ დაუყოვნებლოვ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია, მიხეილ სააკაშვილი და რაღაც მაინც გააკეთოს კარგი.
რითი იამაყებს თავისი პრეზიდენტობის პერიოდით, იტყვის, სამ კანონს დავადე ვეტოო? ესაა მისი არქივი და ახლა აქვს შანსი, გამოიჩინოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვხედავთ კარგ ნაბიჯებსაც, მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით მისი პოზიცია კარგია და რაღაც მომენტებში მან საქართველოს მთავრობას ლაქა ჩამორეცხა, როდესაც უკრაინასთან დაკავშირებით პრინციპული განცხადებები გააკეთა. ეს საკმარისი არ არის. კარგი იქნებოდა, თუ კიევში ჩავიდოდა, მაგრამ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას შეწყალება, ვინაიდან წელიწადიც თავდება და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ვადაც, პრეზიდენტს კი ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა აქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.