რომან გოცირიძე - პრაიმერიზი იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის
მთავარი იდეა ისაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთი საარჩევნო ნომრით, ერთი ოპოზიციური სიით, ოღონდ, ამ სიაში ყველა პარტია არ იქნება შერჩეული ერთ ბლოკად გავიდეს, თუმცა ბლოკი კანონში არ არის. ერთ ქვაბში ყველას ჩაყრის იდეას ჩვენ არ ვემხრობით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პრაიმერიზის გზით საარჩევნო სიის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მზად არის, კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა მექანიკური გაერთიანებისთვის.
„როგორც მოვისმინეთ, მთავარი იდეა ისაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთი საარჩევნო ნომრით, ერთი ოპოზიციური სიით, ოღონდ, ამ სიაში ყველა პარტია არ იქნება შერჩეული ერთ ბლოკად გავიდეს, თუმცა ბლოკი კანონში არ არის. ერთ ქვაბში ყველას ჩაყრის იდეას ჩვენ არ ვემხრობით. ჩვენ ვართ თანამშრომლობისა და კოორდინაციის მომხრე, ოპოზიციის ფართო ფრონტით საარჩევნო პროცესში შესვლის მომხრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ჭერქვეშ უნდა გაერთიანდეს.
რაც შეეხება პრაიმერიზს იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, ეს იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის. არ მგონია, რომ ეს სერიოზული იყოს. 600 000 ამომრჩეველი გვყავს და ბუნებრივია, გამოკითხვა პრაიმერიზის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდება. მთავარი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი იპოვოს, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და შემდეგ კოალიცია პარლამენტში შეიქმნას, როგორც ეს ევროპაში ხდება. უნდა გამსხვილდნენ პარტიები, რომელთაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ და არჩევნებში ასე მიიღონ მონაწილეობა. კარგი იქნება, თუ ოპოზიციურ ფლანგზე იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანებული პარტიები გამოჩნდებიან. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა მექანიკური გაერთიანებისთვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.