რომან გოცირიძე - პოლიტიკოსების სამედიცინო ტერმინებით მოხსენიება დაუშვებელია, გიორგი ვაშაძე ამას გააცნობიერებს, რადგან გონიერი ადამიანია
პოლიტიკოსების სამედიცინო ტერმინებით მოხსენიება დაუშვებელია, გიორგი ვაშაძე ამას გააცნობიერებს, რადგან გონიერი ადამიანია, იცის, რომ პოლიტიკოსი მსგავსი სამედიცინო ლექსიკით არ უნდა ლაპარაკობდეს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე.
რომან გოცირიძის თქმით, სიძულვილის ენის მთავარი შემოქმედი „ქართული ოცნებაა“.
„„ქართული ოცნების“ ნიშაა არა მხოლოდ სიძულვილის ენა, არამედ სიძულვილის მუშტი და ძალადობა, თავდასხმები ოპოზიციაზე. ირაკლი ღარიბაშვილი გიჟებად მოიხსენიებს და ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს ამცირებს, როცა გიჟიმანტასი უწოდა ჟიგიმანტას პავილიონისს. პოლიტიკოსების სამედიცინო ტერმინებით მოხსენიება დაუშვებელია. გიორგი ვაშაძის მხრიდან ეს იყო წამოცდენა და ამას გააცნობიერებს, რადგან გონიერი ადამიანია, იცის, რომ პოლიტიკოსი მსგავსი სამედიცინო ლექსიკით არ უნდა ლაპარაკობდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.