რომან გოცირიძე - „პატრიოტთა ალიანსი“ იტყვის, რომ მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავიდა, მაგრამ არავინ დაიჯერებს, კარგად ჩანს, რისთვის არიან ჩასული
„პატრიოტთა ალიანსი“ იტყვის, რომ მოსკოვში ჟირინოვსკის პანაშვიდზე წავიდა, მაგრამ ამას არავინ დაიჯერებს. კარგად ჩანს, რისთვის არიან ჩასული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების, ირმა ინაშვილისა და დავით-თარხან მოურავის მოსკოვში ჩასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯია.
„რუსეთში ჩავიდნენ, რათა რუსეთი საქართველოში შემოიპატიჟონ. ამას წინ უძღოდა ნეიტრალიტეტის თაობაზე გაგზავნილი წერილი, სადაც 50-მდე პრორუსულმა ორგანიზაციამ თუ ადამიანებმა მოაწერეს ხელი. ეს მეორე ნაბიჯია. ეს „პატრიოტთა ალიანსის“ გადაწყვეტილება არ არის. როცა ვამბობთ „პატრიოტთა ალიანსს“, ვგულისხმობთ, „ქართულ ოცნებას“. ეს არის „ქართული ოცნების“ დესანტი და მათ მიერ მოსკოვში გაგზავნილი.
ჩვენ პირველ რიგში, ველოდებით პრემიერის განცხადებას. ვნახოთ, დაგმობს თუ არა ამ ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. ეს ასჯერ უფრო საშიშია, ვინაიდან კარგად ვხედავთ, რა ხდება უკრაინაში. ესენი მოსკოვში ყოველთვის დადიოდნენ თუ „დაეთრეოდნენ“, მაგრამ იმ სიარულსა და ამ ჩასვლას შორის სხვაობა ძალიან დიდია. საქართველოს ბედი რუსეთის სამხედრო და ეკონომიკურ მარცხში წყდება. ამ მარცხის შემოქმედი უკრაინელი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობაა. ვერავინ რუსეთის საქართველოში შემოყვანას ვერ ეღირსება, მაგრამ თავად ეს მცდელობა შევა, როგორც სამარცხვინო ლაქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში. მათ შორის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ეს შავი ლაქა იქნება. პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ბრტყელ-ბრტყელი საუბრები უყვარს, დაგმოს „პატრიოტთა ალიანსის“ ვოიაჟი. ასევე დაგმონ, პარტიის თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.