რომან გოცირიძე - პარლამენტში ოპოზიციის დასუსტება წარმოუდგენლად დიდი შეცდომაა, დარწმუნებული ვარ, პარასკევს მთელი ოპოზიცია იქნება პარლამენტში
ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში ოპოზიციის დასუსტება დიდი შეცდომაა.
გოცირიძის შეფასებით, ბოიკოტის რეჟიმი ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“ და არა – ოპოზიციას.
„ხვალ მოდის ფინანსთა მინისტრი და ზეგ უკვე მოდიან პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ პირობებში წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ოპოზიცია იყოს ბოიკოტში და დარწმუნებული ვარ, რომ პარასკევს მთელი ოპოზიცია იქნება პარლამენტში, ვინაიდან ზოგიერთი პარტია შერჩევით ბოიკოტშია. ეს ნიშნავს, რომ 12-პუნქტთან დაკავშირებით ისინი ხანდახან შემოვლენ ან მნიშვნელოვან საკითხებს დაესწრებიან. პრემიერის ანგარიში მნიშვნელოვანი საკითხია, ინტერპელაციის წესით მოდის. არ მინდა, ჩემს კოლეგებზე ზეწოლა მოვახდინო. ზეწოლას ახდენს ამომრჩეველი და თუ ვინმეს ჩემი სტატუსი გულზე მოხვდა და დაფიქრდა, ეს არ ნიშნავს, რომ მე მათ მოვუწოდე, ბოიკოტი შეწყვიტონ. ისინი ხედავენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდეს ნაწილს უნდა, მათმა რჩეულებმა პარლამენტში აკეთონ საქმე. ჩვენ როდესაც პარლამენტში ბოიკოტში ვიყავით, მაშინ გავაკეთეთ გამოკითხვა და ოპოზიციური პარტიების პარლამენტში დაბრუნებას მხარი დაუჭირა 70 პროცენტმა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.