რომან გოცირიძე - პარლამენტში არ არის კომიტეტის სხდომა, ეს არის სპეცოპერაცია, მთელი შენობა გარშემორტყმულია სპეცსამსახურებით
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს პარლამენტში არის არა იურიდიული კომიტეტის სხდომა, არამედ სპეცოპერაცია.
მისივე თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში დიდი პროტესტია.
„ეს არ არის კომიტეტის სხდომა, ეს არის სპეცოპერაცია, მთელი შენობა გარშემორტყმულია სპეცსამსახურებით. ეს არის ძალადობრივი ოპერაცია, რომელიც დამახასიათებელია 1937 წლების საბჭოთა კავშირისა თუ ფაშისტური გერმანიისთვის. ბიძინა ივანიშვილს უნდა, მიიღოს კანონი, რომელიც მას ძალაუფლებას შეუნარჩუნებს და, ფაქტობრივად, ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს, მაგრამ მას ეს არ გაუვა. სხდომა რითიც არ უნდა დასრულდეს, იმდენად დიდი პროტესტია ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებაში, რომ „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები საზარბაზნე ხორცად აქცია. გაყურსული არიან ადამიანები, ვინც პარლამენტში ევროპის მიმართულებით მუშაობენ. ეს ადამიანები პასუხს მორალურად აგებენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე მსჯელობს.