რომან გოცირიძე - ნიკა ობოლაძის პოსტი არ წამიკითხავს, ძალიან გრძელია, ვიცი, რომ გავიდა პარტიის ჩატიდან, მაგრამ არ ვიცი, ნიშნავს თუ არა ეს პარტიიდან გასვლას
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, თანაგუნდელ ნიკა ობოლაძის „ფეისბუქ“ პოსტი არ წაუკითხავს და მხოლოდ მოკლე შინაარს გაეცნო.
გოცირიძის თქმით, იცის, რომ ნიკა ობოლაძემ დატოვა პარტიის ჩატი, თუმცა არ იცის, ნიშნავს თუ არა ეს პარტიიდან გასვლასაც.
„ობოლაძის პოსტი არ წამიკითხავს, ვნახე, მაგრამ არის ძალიან გრძელი, ორ, თუ სამ-გვერდიანი. ზოგადი, მოკლე შინაარსი ვიცი. ვიცი, რომ ის გავიდა პარტიის ჩატიდან. არ ვიცი, პარტიის ჩატიდან გასვლა ნიშნავს თუ არა პარტიიდან გასვლას. ყოველ შემთხვევაში, სადაც მე ვარ, იმ ჩატში ის არ არის. მეტს ვერაფერ კომენტარს გავაკეთებ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ობოლაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, რომ ოპოზიცია კრიზისშია და ბოლო კვირების მოვლენები, ე.წ. პირადი დაპირისპირებები მხოლოდ სიმპტომია იმისა, რაც რეალურად ხდება. მისივე თქმით, ფაქტია, რომ მიხელ სააკაშვილი, ამ თუ იმ მიზეზით, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა უნდა აღიარონ ეს რეალობა. ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ „საჭიროა ფუნდამენტური დარესტარტება“.
„შევქმნათ ონლაინ პლატფორმა, სადაც დავარეგისტრირებთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის არანაკლებ 10%-ს, ანუ 100 000 ან მეტ ადამიანს. ამ პლატფორმის გამოყენებით, ფარულად და ელექტრონულად ხმის მიცემის პრინციპით, ჩავატაროთ პრაიმერისები ოპოზიციის ლიდერის და მთავარი ოპოზიციური გუნდის, ოპოზიციური სამოქმედო გეგმის გამოსავლენად“, – დაწერა ნიკა ობოლაძემ. ამავდროულად, „ფეისბუქ“ პოსტში ნიკა ობოლაძე წერს: „მე ვტოვებ „ნაციონალური მოძრაობის“ არსებულ ე.წ. ჩათებს, რადგან იქ არ დევს პოლიტიკის კეთების ლეგიტიმაცია, ლეგიტიამცია ხალხშია და პოლიტიკოსებმა ის არჩევნებით უნდა მოვიპოვოთ“.