რომან გოცირიძე - ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნება იქნება ერთ-ერთი სერიოზული წარმონაქმნი ოპოზიციურ ფლანგზე
ნიკა მელიას და მისი თანამოაზრეების მიერ პარტიის დაფუძნება იქნება ერთ-ერთი სერიოზული წარმონაქმნი ოპოზიციურ ფლანგზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ნიკა მელიას მიერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, ეს ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო.
„მელიას მხარდამჭერი იქნება არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ტრადიციული ამომრჩეველი, არამედ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ყოფილიყვნენ პოტენციურად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, როგორც ეროვნული და ლიბერალური ძალის, მაგრამ ვისაც უკვე არ მოსწონს დღევანდელი „ნაციონალური“ სახე, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ამიტომ ნიკა მელიას პარტიას ექნება საკმაოდ დიდი გავლენა და გარდა ამისა, ეს იქნება უკვე ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნისთვის კიდევ ერთი დამატებით ფაქტორი. ისეთი ცენტრის, რომელსაც ექნება ხმების მიღების მეტი რესურსი, ვიდრე თუნდაც „ნაციონალურ მოძრაობას“.
ნახევარ წელიწადზე მეტია, ჩემი პოზიცია არის მთავარი ოპოზიციური ცენტრის შექმნა, სადაც უნდა გაერთიანდნენ როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პარტიები და პოლიტიკური ჯგუფები. ეს იყო ჩემი ხედვა და მომავალში რა იქნება, ჯერ არავინ იცის. ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვით. ის, რომ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიცია, მათ შორის ნიკა მელიას ახალი პარტია, ეს ბუნებრივი მოცემულობაა და ნიშნავს ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთ გზას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და პარტიას აფუძნებს.