რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არის ნიკა მელია, სააკაშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, მისი სულის ჩამდგმელი და ლიდერი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია ერთიანია და გავრცელებული ჭორებით არის მცდელობა, მეორე ტურს ამომრჩეველი გაუგებრობით და ნიჰილიზმით შეხვდეს.
მისივე თქმით, ვერც პარტიაში ჩამოაგდებენ შუღლს და ვერც ამომრჩეველს მოატყუებენ.
რომან გოცირიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას უპასუხა კითხვას, „ვინ არის პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი“.
„ძალიან არასერიოზული შეკითხვაა. დღეს პარტიის თავმჯდომარე არის ნიკა მელია. მიხეილ სააკაშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, მისი სულის ჩამდგმელი და ლიდერი. რა კონტექსტი არის ამ შეკითხვაში. პარტია არის ერთიანი, ის ჭორები, რომლებსაც სუს-ი ავრცელებს „ფეისბუქზე“, არის მცდელობა, რომ მეორე ტურს ამომრჩეველი შეხვდეს გაუგებრობით და ნიჰილიზმით. არ მოხდება ეს. ვერც პარტიაში ჩამოაგდებენ შუღლს და ვერც ამომრჩეველს მოატყუებენ. დღეს საქართველოს გამარჯვების გზა გადის მეორე ტურზე ოპოზიციის გამარჯვებაზე“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.