რომან გოცირიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ 10 ივნისის აქციაში მონაწილეობას აქტიურად მიიღებს, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთაა
“ნაციონალური მოძრაობა” აქციებს, როგორც ბერკეტს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გასახსნელად იყენებს, – ეს განცხადება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ კვირას, 10 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ აქციაში მონაწილეობას აქტიურად მიიღებს, რადგან ეს საზოგადოების დაკვეთა.
მისი განმარტებით, პოლიტიკას მთავრობა ქმნის და პოლიტიკა პოლიტიკოსების ზეწოლით უნდა შეიცვალოს.
„კვირას „ნაციონალური მოძრაობა” აქციაში მონაწილეობას აქტიურად მიიღებს. ჩვენ ამას ერთ-ერთ ძლიერ პოლიტიკურ ბერკეტად განვიხილავთ, რათა ხელისუფლებაზე ზეწოლა მოვახდინოთ. დაისაჯონ დამნაშავეები, პირველ რიგში კი, ხელისუფლებაში მოკალათებული მაღალჩინოსნები, რომელთა სინდისზეც არის ვითარების აქამდე მიყვანა.
როგორც “ნაციონალური მოძრაობა“, ისე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ბრძოლის კონსტიტუციურ ფორმას იყენებს.
„ჩვენ აქციებს, როგორც ბერკეტს ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების გასახსნელად ვიყენებთ და მომავალში კიდევ გამოვიყენებთ. ამაში თუ ვინმე პოლიტიკურ ქვეტექსტებს ეძებს, ძალიან სასაცილოა. „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ნახევარი მილიონი ამომრჩეველი დგას. ეს ამომრჩევლის დაკვეთაა და იმას ვაკეთებთ, რაც ხალხს უნდა. ზეწოლის ეს ფორმა ხალხს სურს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძის განცხადებით, როცა მოთხოვნები სამართლიანია, აქციაზე რამდენი ხალხი მოვა მნიშვნელობა არ აქვს.
მისი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია და იძულებულია საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიოს.
„გადაწყვეტილების მიღება აქციის რაოდენობით არ განისაზღვრება. 1000-მდე კაცი იდგა და პროკურორი გადაყვა. აქ მთავარია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს განცდა იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნა სამართლიანია. როცა სამართლიანი მოთხოვნაა აქცია ხალხმრავალი იქნება თუ უფრო მცირე ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლება ძალიან შეშინებულია. იძულებულია, ანგარიში არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებრივ აზრს გაუწიოს. ამიტომაც ათას ხრიკს მიმართავს. ეს ხრიკები არ გაუვათ. მთავრობის ტყუილები და მეთოდები ექვსი წლის განმავლობაში გაიშიფრა. ხალხს ეს ხელისუფლება მეორედ ვერ მოატყუებს”, – აცხადებს გოცირიძე.