რომან გოცირიძე - მთავრობას უფლება არ აქვს, პრეზიდენტს თავს მოახვიოს ამა თუ იმ ორდენზე ვინმეს წარდგენა, ფეხბურთელების ხარჯზე რაღაც ქულების დაწერა უნდათ
მთავრობას უფლება არ აქვს, პრეზიდენტს თავს მოახვიოს ამა თუ იმ ორდენზე ვინმეს წარდგენა, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა და ის თავის გასაკეთებელს გააკეთებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას ფეხბურთელების ხარჯზე რაღაც ქულების დაწერა უნდა, სპეკულაციებს ეწევიან და უნდათ, ფეხბურთელები გამოიყენონ.
„არ არსებობს ცნება „ღირსების ორდენზე წარდგინება“. მთავრობას არავითარი უფლება არ აქვს, პრეზიდენტს თავს მოახვიოს ამა თუ იმ ორდენზე ვინმეს წარდგენა. პრეზიდენტი თავის გასაკეთებელს გააკეთებს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მთავრობას ფეხბურთელების ხარჯზე რაღაც ქულების ჩაწერა უნდა. ფეხბურთელებს თავი დაანებონ. გუშინ ბაზაზე გამოცხადდნენ. არავის სჭირდება, რომ წვრთნების დროს პრემიერის ვიზიტი იყოს გერმანიაში, როცა მთელი გუნდი კონცენტრირებულია თამაშზე. სპეკულაციებს ეწევიან და უნდათ, რომ ფეხბურთელები გამოიყენონ. ფეხბურთელებს შეეშვან. ეს ადამიანები ღირსი არიან, ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ, თუმცა არა მთავრობის წარდგინებით, რაც კანონით არაა გათვალისწინებული, არამედ პრეზიდენტის მიერ. თავად გადაწყვეტს, ვინ როდის და რატომ დააჯილდოვდეს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ფეხბურთელებისა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია.