რომან გოცირიძე - მსჯელობისას გამოჩნდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაუქმება სჯობს თუ რესტრუქტურიზაცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა უნდა იყოს შესწავლილი კარგად და კომპაქტური, მცირე ზომის მაუწყებელი უნდა იყოს, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე ქუთაისის, რაც ნორმალური არ არის.
შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ითხოვს, მაუწყებლის გაუქმებას და თავადაც ასე ფიქრობს თუ არა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რონ მის ფრაქციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესის შეცვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი წარადგინა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე ქუთაისის, რაც ნორმალური არ არის და მუდამ იყო კითხვები იმის თაობაზე, სჭირდება თუ არა ასეთი ხარჯიანი მაუწყებელი ქვეყანას. ხომ არ სჯობდა, ყოფილიყო უფრო კომპაქტური, პატარა, ნეიტრალური და იმ მიზნებს მომსახურებოდა, რაც ასახულია კანონში. უპირველესად, მსჯელობა ამ მიმართულებით გვექნება“, – განაცხადა გოცირიძემ.
მისივე თქმით, ბიუჯეტი, რომელიც აქვს არხს და რა საქმესაც აკეთებს, თანაზომადი არ არის.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა უნდა იყოს შესწავლილი კარგად. კომპაქტური, მცირე ზომის მაუწყებელი უნდა იყოს, რომელიც მასზე დაკისრებულ ფუნქციებს შეასრულებს“, – აღნიშნა გოცირიძემ.
შეკითხვაზე, არის თუ არა გაუქმების მომხრე, გოცირიძემ აღნიშნა: „ყოველ შემთხვევაში, მსჯელობაში გამოჩნდება, მისი გაუქმება სჯობს თუ მისი რესტრუქტურიზაცია და კომპაქტურ, დამოუკიდებელ და უფრო ეფექტიანად გარდაქმნა“.
პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, პირდაპირ წერია, რომ არის დამოუკიდებელი და სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს დღემდე. მას, როგორც მაყურებელს, აქვს თუ არა პრეტენზია მაუწყებლის მუშაობასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძემ განაცხადა: „მაუწყებლის ერთი ნაწილი არის ობიექტური, თუნდაც თქვენ, როცა პარლამენტიდან სიუჟეტებს აკეთებთ, მაგრამ არის მეორე ნაწილი, განსაკუთრებით თოქ-შოუები, სადაც იგრძნობა ტენდენციურობა და მთავრობის სასარგებლო გადაცემების მომზადება. მაუწყებელი რომ არ არის დამოუკიდებელი, ამაზე მსჯელობა საჭირო არც არის, ცალკეული გამონაკლისების მიუხედავად. მაუწყებელი ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს. ახალმა ხელისუფლებამ ის უნდა გააკეთოს, რომ მაუწყებელი სრულიად დამოუკიდებელი იყოს და არ ემორჩილებოდეს აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლების სურვილებს“.
შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საუბარი დამოუკიდებელ და თავისუფალ მაუწყებელზე უხერხული ხომ არ არის, რადგან ყველას ახსოვს ცხრა წლის განმავლობაში მართული მაუწყებელი და რატომ დაიწყო ოპოზიციამ ახლა არხზე შეტევა, გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს ძალიან სერიოზული და ფილოსოფიური შეკითხვაა.
„ცხრა წლის შემდეგ რვა წელი გავიდა და თუ რვა წელში რაიმე არ გამოსწორდა, ე.ი. ეს რვაწლიანი მმართველობა ძალიან ცუდი ყოფილა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.