რომან გოცირიძე - მომავალ პარლამენტში ვინ იქნება და ვინ არა, არავინ იცის, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტში ხელფასი მაღალი ექნებათ თუ დაბალი
ამ მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ 28 ოფიციალური მილიონერია, სამჯერ მეტი – არაოფიციალური და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტში ხელფასი მაღალი ექნებათ თუ დაბალი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, პარლამენტში არ უნდა იყვნენ ლობისტები და უნდა იყვნენ დეპუტატები, ვინც საკუთარ მოვალეობას შეასრულებს.
„მომავალ პარლამენტში ვინ იქნება და ვინ არა, ეს არავინ იცის. ამიტომ ამ საკითხის განხილვას არავითარი პოლიტიკური ქვეტექსტები არ ექნება. ყველა უწყებაშია ხელფასების მატება და დეპუტატის ხელფასი ორჯერ ნაკლებია, ვიდრე აპარატის ხელმძღვანელის. ცვლილებები მაშინ უნდა ყოფილიყო გაკეთებული, როცა სახელფასო რეფორმა მოხდა, მაგრამ მაშინ პარლამენტმა არ გააკეთა, რადგან პარლამენტის 90 პროცენტი მუქთამჭამელია – მოდიან და ღილაკს აჭერენ ხელს იმისათვის, რომ „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დავალებები შეასრულონ. ამ მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ 28 ოფიციალური მილიონერია, სამჯერ მეტი – არაოფიციალური და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტში ხელფასი მაღალი ექნებათ თუ დაბალი. ჩემი აზრით, პარლამენტში საკუთარი ბიზნესის ლობისტები არ უნდა იყვნენ. ქვეყანაში რაც უფრო მეტი ფულიანი ადამიანი იქნება, მით უფრო მეტი სიმდიდრეა, მაგრამ ეს სიმდიდრე მოახმარონ ბიზნესს, ოჯახს და ადამიანები დაასაქმონ, მაგრამ აქ იმ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ, ვინც ტენდერებზე ჩალიჩობენ და დეპუტატობა იმიტომ უნდათ, რომ თავი დაცულად იგრძნონ. პარლამენტში პროფესიონალები უნდა იყვნენ და პარლამენტი ყოველდღიური სამსახური უნდა იყოს – მოხვალ დილის 09:00 საათზე, წახვალ 18:00 საათზე და თუ საჭირო იქნება – ღამის 12:00 საათზე. დღეს პარლამენტი საკუთარი ინტერესების ლობიზმს და კლუბს ნიშნავს, სადაც 150 კაციდან ათი დეპუტატი თუ არის პოლიტიკოსი. ამ მოწვევის პარლამენტში ზოგიერთისთვის სამშაბათია, როცა პლენარულ სხდომაზე 4-წუთიანი გამოსვლა აქვს, მიდის და შემდეგ იღებს ხელფასს. პარლამენტში არ უნდა იყვნენ ლობისტები და უნდა იყვნენ დეპუტატები, ვინც საკუთარ მოვალეობას შეასრულებს“, – განაცხადა გოცირიძემ.