რომან გოცირიძე - მოგვიანებით გახდება ცნობილი, ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან თუ რომელთან ვითანამშრომლებ, დეკანოიძის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მასზე თავდასხმა უსამართლოა
მოგვიანებით გახდება ცნობილი, ოთხი ოპოზიციური ცენტრიდან თუ რომელთან ვითანამშრომლებ, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც გოცირიძე წერს, ოპოზიციის გაერთიანების პროცესი მისასალმებელია.
„ვინაიდან ქალბატონი ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა, ამან ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის ჩემთან დაკავშირებითაც, ამიტომ გადავწყვიტე, ამ კითხვებზე გავცე პასუხი.
ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი, „ევროოპტიმისტები“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო პარლამენტში და მრავალმხრივი ნაყოფიერი მუშაობით გამოირჩეოდა, რა თქმა უნდა, ამ მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ბოლომდე კვლავ გააგრძელებს არსებული ფორმით საქმიანობას; რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, არსებული ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრიდან თუ რომელთან ვითანამშრომლებ, ცოტა მოგვიანებით გახდება ცნობილი; მისასალმებელია ოპოზიციის გაერთიანების პროცესი, თუმცა მისი კიდევ უფრო გამსხვილება შესაძლებელია (არ ვგულისხმობ ე.წ. ერთიან სიას, რომელიც ძნელად წარმოსადგენია). რისკი, რომ ოთხი ოპოზიციური „ბლოკიდან“ ერთი დარჩეს ბარიერს მიღმა, კვლავ არსებობს. ფაქტობრივად, ეს ხელისუფლების მაშველ რგოლად შეიძლება იქცეს. მიუხედავად ამისა, იმდენად ცოტა დროა დარჩენილი არჩევნებამდე და შემდგომი გაერთიანება იმდენ სირთულესთან არის დაკავშირებული, რომ ამის ალბათობა, სამწუხაროდ, მცირეა; ყველა პატარა პარტია, პოლიტიკურად აქტიური პირი თუ პოლიტიკური მიზნების მქონე სამოქალაქო აქტივისტები უნდა გაერთიანდნენ ამ ოთხი ცენტრის ირგვლივ. ამას ხელი უნდა შეუწყონ თავად ცენტრშემქმნელმა მთავარმა პარტიებმაც. ცალკე გასული ყველა პარტია გააკეთებს „ქართულო ოცნების“ საქმეს. ასეთი შემთხვევა მინიმუმადე უნდა იყოს დაყვანილი“, – წერს რომან გოცირიძე.
ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნება დეკანოიძის პირადი არჩევანია, რომელსაც პატივს სცემს.
„ხატია დეკანოიძის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს მისი პირადი არჩევანია და პატივს ვცემ. უსამართლოა ზოგიერთების მხრიდან მასზე თავდასხმა იმის გამო, რომ დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და კვლავ დაუბრუნდა მას. „ნაციონალური მოძრაობა“ ბევრმა დატოვა, ბევრიც დაბრუნდა და ბევრიც მის გარეშეც ახერხებს წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა უფრო ძლიერი. ამ სიძლიერის მთავარი ფაქტორი იყო მისი დამოუკიდებლობა, ე.წ. პარტიული დისციპლინის არტახებისგან განთავისუფლება, იმ დავიდარაბისაგან გარიდება, რაც ამ პარტიაში მოხდა და ბევრს დაუკარგა იქ ყოფნის სურვილი. სრულიად მიუღებელია იმის წამოძახება, რომ ხატია პარტიაში „სიის გამო“ დაბრუნდა. მას არ ჰქონდა არავითარი პრობლემა პარლამენტში მოხვედრისა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და მზარდი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა. არ ვიცი, რამ განაპირობა მისი მოულოდნელი არჩევანი. გადაწყვეტილება რომ მძიმე მისაღები იქნებოდა, ფაქტია. ხატიას არაფერი აქვს წამოსაძახებელი. ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ შენაძენი, ის დღეს სჭირდება ოპოზიციას და, იმედია, ხვალ – საპარლამენტო კოალიციურ უმრავლესობას;
დაბოლოს, ჯერ კიდევ საკმაო ოპოზიციური რესურსია დარჩენილი, რომელიც არაა ჩაბმული აქტიურ საარჩევნო პროცესში. პოლიტიკური ცხოვრება მრავალი პლასტისგან შედგება, სადაც ინტერესთა შეჯახებაც პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ჯანსაღი მოვლენაა. აქ ბალანსის დაცვაა მთავარი. ხელისუფლების დამარცხების სურვილი ვისაც ამოძრავებს, უნდა დაუდგეს გვერდში ამა თუ იმ ოპოზიციურ ბლოკს, სასურველია, ზედმეტი ამბიციის გარეშე, ისევე როგორც ამ ბლოკებმაც უნდა გამოავლინონ მოქნილობა (აქაც – ზედმეტი ამბიციების გარეშე) და მიაღწიონ კიდევ უფრო გამსხვილებას, მაშასადამე, გაძლიერებას. ხატიას ნაბიჯს ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს რომან გოცირიძე.
ხატია დეკანოიძე პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ „ფეისბუქსზე“ დაწერა: „საპარლამენტო სიის ხათრით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი“. ხატია დეკანოიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ 2023 წლის მარტში დატოვა და, რომან გოცირიძესთან ერთად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“ შექმნა.