რომან გოცირიძე - მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში თავად იქნება და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებებით, საკუთარ მახეში გაებმება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მმართველ გუნდს ავიწყდება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში თავად იქნება და რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, საკუთარ მახეში თავად გაებმება.
როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, მისი ფრაქცია რეგლამენტს მხარს არ დაუჭერს, რადგან ცვლილებები საპარლამენტო ცხოვრებაში პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული დეპუტატების როლს აუარესებს.
„წარმოიდგინეთ, როცა ფეოდალურ პერიოდში ყმა-გლეხობა იყო და ყმა მიბმული იყო ფეოდალზე, დაახლოებით ასეა – თუ დეპუტატი რომელიმე ფრაქციაში ერთხელ შევა, იქ სამუდამოდ უნდა იყოს, რადგან თუ გამოვა, უფლება არ ექნება, ფრაქცია სხვასთან ერთად შექმნას. ასე ვერც ერთი ფრაქცია ვერ შეიქმნებოდა, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის დაშლის შემდეგ შეიქმნა. ცალკეულ დეპუტატებს არ ექნებათ პარლამენტში გაერთიანების უფლება და საკუთარი ძალების კონსოლიდაციის საშუალება. მსგავსი გადაწყვეტილებები გაუმართლებელია და ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს აფერხებს. ძალიან უცნაურია, რომ ასეთი ინიციატივით გამოდის საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა გოცირიძემ.
რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ. იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესი, მცირდება ვიცე-სპიკერების რაოდენობა და იცვლება დებატების დრო.