რომან გოცირიძე - მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა ფარული იყო, გაურკვეველი არ დარჩება, ვინ დაუჭირა მხარი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებას და რა მოტივით
მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა ფარული იყო, არ დარჩება გაურკვეველი, ვინ დაუჭირა მხარი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებას და რა მოტივით, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„შეთანხმების მიუხედავად, ოპოზიციიდან ხუთმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ მოსამართლეებს. გაჩნდა ეჭვი, ხომ არ იყვნენ ისინი „გირჩიდან“ და ელისაშვილის ჯგუფიდან, ვინაიდან მათ არ დატოვეს დარბაზი. დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ისინი არ ყოფილან. თუ ვინ დაუჭირა მხარი მოსამართლეთა კლანის გაძლიერებას და რა მოტივით, ეს არ დარჩება გაურკვეველი, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა იყო ფარული“, – წერს რომან გოცირიძე.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.